logo_geo
eng_logo
ვანო მერაბიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს – “ნაცმოძრაობაში” განხეთქილების ახალი ტალღა დაიწყო
- +

19 მარტი. 2020. 20:02

 

 

იმ ფონზე, როცა საქართველოში ყველა მოელის დიდ ოპოზიციურ განხეთქილებას, ცალკეული პოლიტიკოსები ოპოზიციური ერთობის იმედს არ კარგავენ. გუბაზ სანიკიძე იმედოვნებს, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანება უნდა მოხდეს და მორატორიუმი გამოცხადდეს წარსულზე.

 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გუბაზ სანიკიძე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრობს. ჯერ კიდევ 2016 წელს, როცა გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა, იგი საუბრობდა, რომ რჩებოდა დიდ პოლიტიკაში და ხელს შეუწყობდა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას.

 

 

მისი სურვილის მიუხედავად, დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ მოხერხდა და მივიღეთ მხოლოდ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც ყველამ კარგად იცის, რომ ლოკომოტივი „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ მიჰყავთ. ამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაშიც პირველობის გამო შიდა დაპირისპირებაა, რაც დღის სინათლეზე არ გამოაქვთ. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისია თაკო ჩარკვიანი, რომელიც პერიოდულად ნინო ბურჯანაძისთვის „იცლის“. ჯერ იყო და, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ერთობა ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო დატოვა, ახლა კი ისევ ნინო ბურჯანაძის გამო შემოსწყრა „ნაციონალებს“: „როგორ ბედავთ, სამოქალაქო ომის და 500 კაცის დახოცვის და გრუ-ს ჯარების შემოყვანის მოსურნეებთან კოლაბორაციონიზმს!“ ამ სიტყვებთან ერთად თაკო ჩარკვიანმა ბურჯანაძეს „ქალი-პუტინი კაბაში“ უწოდა და არც გიგა ბოკერია დაინდო, როცა დაასკვნა: „კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი ამათ ხელში, ერთ მხარეს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალი-პუტინი კაბაში ეჯდა, ხოლო მეორე მხარეს უშიშროების საბჭოს მდივნად ბოკერია“.

 

 

რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში და შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური განხეთქილება?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

 

 

- როგორ გესახებათ დიდი ოპოზიციური გაერთიანება 1%-იანი ბარიერის პირობებში, როცა ოპოზიციის დაქსაქსვისკენ უფრო მიდის საქმე? ოპოზიციის დაშლის პირველი ნიშნები უკვე ჩანს, რადგან ოპოზიცია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ აკეთებს განცხადებებს.

 

 

– რა თქმა უნდა, 1%-იანი ბარიერი გაერთიანებულ ოპოზიციას ძირს უთხრის. ყველას გაუჩნდება იმის სურვილი, თუნდაც ერთი ადამიანი მაინც შევიდეს პარლამენტში. საქართველოში პიროვნული ამბიციების დაავადებაა გავრცელებული. ამას შეიძლება პოლიტიკური პანდემიაც დავარქვათ. პიროვნული ამბიციები ყველა პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს, ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს აქვთ. მათ ურჩევნიათ, თვითონ მოხვდნენ პარლამენტში და სხვები ნაკლებად გაითვალისწინონ. ახლა მათ უნიკალური შანსი ეძლევათ, მოხვდნენ პარლამენტში, როგორც ეს მოხდა 1992 წელს. აქ მთავარია, როგორ შეძლებს „ქართული ოცნება“ უმრავლესობის მოპოვებას.

 

 

დიდი ოპოზიციური გაერთიანება ამ ეტაპზე ვერ შედგება. 1%-იანი ბარიერის დაწესება და 5%-იანი ბარიერის მოხსნა ასეთ საშუალებას არ იძლევა. ეს დაგებული მახეა ოპოზიციისთვის. სიტყვაზე, „ნაცმოძრაობა“ თავისი მომხრეების 10%-ს აიღებს. არ ვიცი, „ევროპული საქართველო“ რამდენ ხმას აიღებს, მაგრამ „ნაცმოძრაობაში“ სერიოზული კრიზისია და ეს აშკარაა. „ნაცმოძრაობა“ ახლა ძალიან ჰგავს რუსეთის ბოლშევიკურ პარტიას, რომელიც 1925-დან 1930 წლის განმავლობაში არსებობდა. ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი, როდესაც თვითონ შიგნით ტროცკიმ შექმნა თავისი ოპოზიცია. წარმოიდგინეთ, ბოლშევიკური რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც იყო სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირი, ანუ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და რევოლუციური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ბოლშევიკურ პარტიაში თავად შექმნა ოპოზიცია და დაუპირისპირდა ნომენკლატურას – სტალინისა და ბუხარინის შემადგენლობას. ამან გამოიწვია შიდა კლანური დაპირისპირება და მერე უკვე ამ დაპირისპირებაში ახალი ლიდერი გამოვიდა იოსებ სტალინის სახით, რომელმაც ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. დიდი შანსია, ასეთივე სიტუაცია განმეორდეს „ნაცმოძრაობაშიც“.

 

 

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იძულებით ემიგრაციაშია, უკვე საბოლოოდ „დააპაშოლონ“ ემიგრაციაში ისევე, როგორც ეს ტროცკის მოუწია. გინესის წიგნშია შესაყვანი, რომ ასეთი კურიოზული რამ მოხდა ბოლშევიკურ პარტიაში და განმეორდა „ნაცმოძრაობაში“, რადგან სააკაშვილი, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, საკუთარ პარტიაში ქმნის ოპოზიციას. ეს ნიშნავს, რომ ბოლშევიზაციის სინდრომი აიკიდა „ნაცმოძრაობამ“.

 

 

- თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ოპოზიციის დაქსაქსვა?

 

 

– ფაქტია, ოპოზიცია დაიყო, აქ აშკარად ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ბრძოლაა. ამ ბრძოლაში ცალკე გამოდის ნიკა მელიას დაჯგუფება. როგორც ჩანს, სამადაშვილი და სხვები აპირებენ გადახტნენ „ევროპული საქართველოს“ ნავში. ეს ტენდენცია უკვე ჩანს.

 

 

- ვინ იქნება ახალი იოსებ სტალინი „ნაცმოძრაობისთვის“?

 

 

– ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ სააკაშვილი იმდენს იჩალიჩებს, საკუთარი პარტიიდანაც გარიყავენ და დარჩება სამუდამო ემიგრაციაში. მეორე ვარიანტია, რომ „ევროპულ საქართველოს“, გარკვეულწილად, ამერიკელების მხარდაჭერა გააჩნია, კერძოდ, ნეოკონსერვატორების დაჯგუფების მხარდაჭერა. როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოს“ ამის იმედი აქვს, რომ ამ მხარდაჭერის საფუძველზე გაქაჩავენ. იმ ფონზე, როცა „ნაცმოძრაობაში“ დაიწყება სერიოზული კრიზისი და ბოლშევიზაციის სინდრომი, „ევროპული საქართველო“ შეეცდება ინიციატივის აღებას და დაითრევს „ნაცმოძრაობის“ ელექტორატს. უბრალოდ, აქ ბოკერიას ფაქტორია ხელშემშლელი. ბოკერიას აქვს ამერიკული მხარდაჭერა, მაგრამ შესაძლოა, ამან ვერ იმუშაოს და „ევროპულმა საქართველომ“ „ნაცმოძრაობის“ ხმებიც კი ვერ აიღოს მისი ფაქტორის გამო.

 

 

როცა ბოკერიას დაჯგუფება გამოეყო მიხეილ სააკაშვილის დაჯგუფებას, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ისინი შეძლებდნენ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის სერიოზული სეგმენტის გადაბირებას და სააკაშვილს შიშველი მეფის სახით დატოვებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თვითონვე აღმოჩნდნენ თავიანთი ელექტორატიდან გარიყულნი. ზომბირებულმა პოლიტიკურმა ელექტორატმა ლოიალობა გამოუცხადა თავიანთ ფიურერს, ბელადს-სააკაშვილს, მაგრამ თავად ბელადმაც იმდენი იჩალიჩა, რომ საკუთარ პარტიაში შექმნა სერიოზული კრიზისი, ანუ ბოლშევიზაციის სინდრომი აიკიდა.

 

 

- სხვათა შორის, თამაშგარე მდგომარეობაშია პოლონეთში წასული ვანო მერაბიშვილი. კარგა ხანია, იგი არ ჩანს.

 

 

– ვანო მერაბიშვილის „ტრიუმფი“ ევროპაში ჩავარდა. მას ეგონა, ფსიქოლოგიურ პრობლემას გადალახავდა, მაგრამ ევროპულმა ვოიაჟმა კიდევ უფრო გაუღრმავა ფსიქოლოგიური პრობლემები.

 

 

- ამბობდნენ, რომ მერაბიშვილი ევროპაში სააკაშვილთან შეხვერდას აპირებდა. როგორ გგონიათ, სურდა კი მერაბიშვილს შეხვედრა სააკაშვილთან და რა ჰქონდა სათქმელი მისთვის?

 

 

– სააკაშვილი და მერაბიშვილი ფაქტობრივად თამაშობენ ერთსა და იმავე თამაშს, ისინი არიან კრემლის ფავორიტები. ის, რომ მერაბიშვილი ბელორუსიის ჩეკისტების მეშვეობით გადიოდა რუსულ ძალოვან ფიგურებზე, ეს დამტკიცებული ფაქტია. სააკაშვილი ახლა გავიდა კრემლის ლიბერალურ ფრთაზე და მიშუსტინის დაჯგუფების მფარველობის ქვეშაა. მართალია, სააკაშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან, რადგან ერთი ერთ დაჯგუფებას წარმოადგენს, მეორე – მეორე დაჯგუფებას, მაგრამ შეიძლება ერთმა საგარეო პოლიტიკურმა ვექტორმა და ერთი პატრონის არსებობამ ეს ორი ადამიანი გააერთიანოს. თუმცა ვითარებას ის ართულებს, რომ მერაბიშვილს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და, როგორც ჩანს, აქედან ვერც გამოვა. მერაბიშვილი უკვე ჩამოწერილი სუბიექტია, მას სერიოზულად არავინ უყურებს. სააკაშვილისთვის მერაბიშვილი სანაგვეშია გადაგდებული. სააკაშვილი მას არც უყურებს, მერაბიშვილს სერიოზულად არ განიხილავს არც ბოკერიას დაჯგუფება. „ნაცმოძრაობაში“ სერიოზული დაპირისპირება და კრიზისია. „ევროპულ საქართველოშიც“ ეს კრიზისი უკვე იჩენს თავს. მათ ამერიკის მხარდაჭერამ, ანუ ნეოკონსერვატორების ჯგუფის მხარდაჭერამაც შეიძლება ვერ უშველოს, რადგან საქართველოში ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ. სხვათა შორის, „ევროპულმა საქართველომ“ იმიტომ მოახდინა ვითომდა ოპოზიციის გაერთიანება, რომ მათ ეგონათ, ამ გაერთიანების მეშვეობით ხელში ჩაიგდებდნენ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატს. დღეს, ფაქტობრივად, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში თითოკაციანი პარტიები დარჩნენ, ბაჩუკი ქარდავები და სხვები, ასევე, პრორუსული პარტია ნინო ბურჯანაძის და სხვების სახით. ბურჯანაძესა და სააკაშვილს რა აქვთ საერთო, ეს გასაგებია – მოსკოვის პირდაპირი მფარველობა, დანარჩენი თითოკაციანი პარტიები კი გაერთიანდნენ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის მისაღებად. ორ მთავარ დაჯგუფებას შორის „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის შიდა კრიზისი უკვე არსებობს. „ევროპულ საქართველოში“ ეს კრიზისი იმის გამოცაა, რომ ისინი ფაქტობრივად ვერ ჩაებღაუჭებიან „ნაცმოძრაობის“ ელექტორატს, ეს შეიძლება მათთვის სერიოზული დარტყმის საგანი იყოს და „ნაცმოძრაობის“ ელექტორატს გაუჩნდეს ფრუსტრაციული განწყობები.

 

 

არც „ქართული ოცნებაა“ ჰომოგენური, იქაც სერიოზული პრობლემებია, „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია და ეს უკანდახევა „ოცნების“ დარჩენილ ელექტორატზე დიდ გავლენას იქონიებს. სიტუაცია კიდევ უფრო ბუნდოვანია, ვიდრე მანამდე. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას – „ლელოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, მათ რაღაც შანსები ეზრდებათ, იმ ფონზე, რაც არის მმართველ პოლიტიკურ ძალაში და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner