კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ამ შინაარსის განცხადება საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.
„ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოში დაგეგმილი წმინდა სინოდის განხილვის მთავარი თემა კორონავირუსთან იქნება დაკავშირებული, - ამის შესახებ imedinews-ს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
მისი განმარტებით, წელს ეს იქნება სინოდის პირველი სხდომა, სადაც განხილვის მთავარი საგანი სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლი იქნება.
საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.