ლომბარდიის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტთან, სუნ შუოპენგთან ერთად დღეს, 19 მარტს პრესკონფერენცია გამართა. ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა იმ ზომებზე ისაუბრა, რაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს იტალიის მთავრობამ.
„საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღება. უნდა დახუროთ ყველაფერი, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ. ის, რაც ახლა იტალიაში ხდება, ძალიან ჰგავს იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ ვუჰანში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი წევს საავადმყოფოში და ბევრიც გარდაიცვალა,“ – თქვა პრესკონფერენციაზე ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა სუნ შუოპენგმა.
მისივე რეკომენდაციით, ქუჩაში ხალხმა უნდა ატაროს ნიღბები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გაჩერდეს.
„ვუჰანში კარანტინის გამოცხადებიდან ერთ თვეში გვქონდა შედეგი – საავადმყოფოებს შეეძლოთ დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა, მათ ეფექტურად შეძლეს პანდემიის პიკთან გამკლავება და შემთხვევები შემცირდა.
მილანში რაც ვნახე, ხალხი არ ატარებს ნიღბებს, ძალიან ბევრი ადამიანი დადის გარეთ, მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვირუსის დასამარცხებლად კი საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება.
ჩემი რეკომენდაციაა, უნდა შეჩერდეს ყველა სახის ეკონომიკური აქტივობა, ყველა ადამიანი უნდა დარჩეს სახლში. ყველანი მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რათა შეაჩერონ პანდემია. ამ სიტუაციაში, უბრალოდ არ არსებობს სხვა არჩევანი,“ – თქვა პრესკონფერენციაზე ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა სუნ შუოპენგმა.
ლომბარდიის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ პრესკონფერენციის დასასრულს თქვა, რომ ის გადის კონსულტაციებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან, რათა უფრო მკაცრი ზომები მიიღონ.
„თქვენ აღარაფერს არ უნდა ელოდოთ. უნდა მივიღოთ ეს რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ებრძოდნენ ამ ვირუსს და დაამარცხეს ის. მე დაველაპარაკები დღეს პრემიერ კონტეს და ვთხოვ, რომ განახორციელოს ის ზომები, რაც შემოგვთავაზეს ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა“, – თქვა ატილიო ფონტანამ.
პრესკონფერენციის ჩანაწერი იტალიურმა გამოცემა fanpage.it-მა გამოაქვეყნა.