დღეიდან, პირველ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული რიგი სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება.
ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის საგანგებო განცხადებაში არის აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, საუბარია ჯამში 400-მდე მაღაზიაზე, რომელთა შორისაა: „ვაიკიკი“, „ოვსი“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, „კოლეზიონე“, „ბატა“, „ეკო“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი“, „ჯაკადი“, „პარფოისი“, „ავ ლაბი“, „ლევისი“, „ლი“, „ლაკოსტი“, „გესი“, „მავი“, „ფექტორი“, „ატრიო“, „კიდს გალერი“, „ზარა“, „ბერშკა“, „პულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“, „კოტონი“, „ნორს ფეისი“, „ტიმბერლენდი“, „დიზელი“, „მაგელანი“, „მინიო“, „ართ თაიმი“, „ვაბენე“, „ტრუსარდი“, „ბენე შუზი“, პულ ლავი“, „კელვინ კლაინი“, „ბოგი მილანო“.
„გვინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.
ვითვალისწინებთ რა, რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადებულია მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი და კოორდინირებული ღონისძიების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად. ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ კორონავირუსის პოტენციურად გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის პირველ აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაციიის განმარტებით, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები და გამოსცა რეკომენდაციები როგორც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის, ისე საჯარო თავშეყრის ადგილების დროებითი დახურვის შესახებ.
„ამასთან, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და სავაჭრო ცენტრების დროებითი დახურვის წანაპირობას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ აუცილებელ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფოს ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ არსებული რთული ვითარებიდან.
ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების), ასევე სავაჭრო ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა და პროცესების ერთობლივი კოორდინირება“, – ნათქვამია განცხადებაში.