საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელთან. მხარეები საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.
„ფრიდრიხ ებერტის" ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე- ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე „საქართველოს ევროპული გზა". ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.