logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: ელეგანტური, თავაზიანი, თავმდაბალი, სულმაღალი ოთარ ჭილაძე...
- +

20 მარტი. 2020. 14:12

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დღევანდელი დღე უნდა დავიწყო სიყვარულის ახსნით...

 

რა ვქნა და გულის წკიპამდე მიყვარს კაცი, რომელიც ამ ფოტოზე გემრიელად დახვეულ კიბეზეა დაბრძანებული...

 

ელეგანტური, თავაზიანი, თავმდაბალი, სულმაღალი ოთარ ჭილაძე...

 

კაცი, რომელსაც რაღაცა სხვანაირი გამოხედვა აქვს, - უცებ რომ ხვდები, რომ ყველაფერს ხვდება... იმასაც, რასაც შენ მერეც ან მიხვდები, ან არა და ამით კი არ გჩაგრავს, კი არ ეცოდები... განიცდის და საშველად, როგორც ხელს უწვდიან, ისე გაწვდის თავის აზრებს, ფიქრებს, რითმებს, რიტმებს და გულს...

 

ცოტაც რომ მოაგროვო... ნატეხ-ნატეხ...

მისხალ-მისხალ...

დიდხანს გეყოფა...

 

მისი პოეზია ზოგჯერ რთულია, ზოგჯერ კი საოცრად მკაფიო...

ისეთ ჩვეულებრივ სიტყვებს რითმავს მისეულად, რომ თითქოს მთლად ახლოს ხარ და მერე უცებ ისეთ ფილოსოფიას გადმოგაფრქვევს , რომ ხვდები, - მიუწვდომელია...

 

კი არ გეთამაშება... გაჩვევს, რომ ცხოვრებაც ასეთია, - ზოგჯერ ასკინკილათი რომ დახტიხარ და მერე სარკმლის გამოღებაც კი გიჭირს... მინაზე იასამნები რომ გიკაკუნებენ და მაინც...

 

ბატონი ოთარი ერთ-ერთ ლექსში ბრძანებს, რომ ბავშვობა - არის თოკის ერთი ბოლო, რომელიც შენ თვითონ უნდა მიაბა მიწას, რომელზეც სიკვდილს ისურვებდი...

 

„საქმე ისაა, როგორ მიაბამ,

როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,

რომ არ შეფასდეს მერე იაფად

შენივე ხელით შეკრული კვანძი“.

 

და ხვდები, რომ ყველაფერი იწყება ბავშვობიდან და რა მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში რაღაცა მთავარი არ გამოგრჩეს და არ შეგეშალოს ის, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია... რადგანაც ბოლოში, ყველანი ვბრუნდებით ბავშვობაში...

 

ამის შემდეგ კი, შემთხვევით წააწყდები მის საოცარ ლექსს - „ზოოპარკი“

 

„ეს კი ჩვენი ნიანგია,

ძველი მკვიდრი თბილისის.

ერთხელ კუდიც შეარხია

შარშან

წინის

წინის

წინ“.

 

და უცებ ბავშვივით გახალისდები...

 

საღამომდე ვიღაცა აუცილებლად მოახერხებს და ამ ხალისს ვუალივით გადაგიწევს...

კარგია, თუ თავზე არ გადაგახევს და ისევ დაუბრუნდები ბატონ ოთარს...

 

დღემდე მახსოვს მისი ნაცრისფერი კრებული „გულის მეორე მხარე“ და წაიკითხავ:

 

„ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,

არ წარიკვეთო არასდროს სასო,

ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,

ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.

 

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,

ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...

ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველი

და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის“.

 

ჰოდა წყნარდები და ელოდები იმ ყვავილებს... შეიძლება არც გესროლონ არასდროს, მერე რა... სამაგიეროდ, არ ბოროტდები...

 

ამასობაში, ვიღაცა ტკივილამდე მოგენატრება და გაიშლება ლექსი...

 

„გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,

მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები

მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!

 

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...

შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!“

 

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ სიტყვებს მართლა გულში გრძნობ, ამ დროს რომ დაურეკო... რა გული გაუძლებს...

 

გაუძლებს და თავს ნუ მოიკლავ... არ გაუბრაზდე... ადამიანი, ვინც ამ სიტყვებს შენს გულში წაიკითხავს, მაგრამ ვერ ამოიკითხავს, უნდა გაუშვა და თან მიაყოლო -

 

„ეცემა თოვლი – თეთრი ფრინველი,

ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,

ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად

არ შემიძლია მე შენი პოვნა“.

 

(ამ დროს აუცილებელი არ არის, სახურავებზე და მოაჯირებზე თოვლი იდოს... სულში ხომ არის?)

 

ამ ბოლო ლექსის ნაწყვეტის შემდეგ, პაუზა უნდა გავაკეთო და გავიხსენო მასთან დაკავშირებული ერთი სასაცილო ეპიზოდი...

 

ერთ დღეს მზის მაგივრად, გამაღვიძა ლექსმა!

წამოვხტი და საწერი კალმის ამაო ძებნის შემდეგ (როგორც ყოველთვის, ამ ანდრიამ მომპარა ან ბოსარიონ ლაბრადოროვიჩმა), დავიწყე ლექსის ხმამაღლა კითხვა...

 

გულში თავმომწონედ გავიფიქრე: „იმისთანა ლექსია, ამას რა დამავიწყებს მეთქი“... ვიდექი თმაგაჩეჩილი და ხელგაშლილი და ცრემლმომდგარი და ვკითხულობდი... ჰოდა, კულმინაციურ მომენტამდე რომ მივედი, ერთ გაშლილ ხელს, მეორეც შევაშველე და  წარმოვთქვი:

 

„... და დღე, რომელიც უშენოდ მოვა... მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი...“ და პაუზა რომ გავაკეთე, თავში დამარტყა, რომ ეს ჩემი ლექსი არ არის...

ბატონი ოთარისაა... ჭილაძის...

 

ჯერ შემრცხვა საშინლად, ეს როგორ გავბედე, რომ ამისთანა ლექსი მივისაკუთრე, მერე კი ვიფიქრე: „რამდენად დიდია ოთარ ჭილაძე... როგორ შემოდის შენში და გიპყრობს და თავს გაყვარებს, რომ მისი ლექსებიც კი შენი გგონია...

 

მართლაც ესეა...

ახლაც ჩაყვინთული ვარ მისი შემოქმედების ოკეანეში და როგორც წყალმა იცის ხოლმე, მიზიდავს სულ უფრო და უფრო შორს... არადა, ამ დროს გავიწყდება, რომ ნაპირიდან დაცილება ადვილია... დაბრუნებაა ძნელი...

 

აღარ ვიცი, რა მოვყვე... უფრო სწორედ, რა არ მოვყვე კიდევ...

 

ერთი ნამდვილად ვიცი, არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონი ოთარის და ბატონი თამაზის საოცარი ძმობა... მათი ერთმანეთისადმი საოცრად სათუთი დამოკიდებულება...

 

არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ იოსებ ბროდსკი სპეციალურად ბატონი ოთარის გულისთვის ჩამოვიდა თბილისში. მისი გაცნობა უნდოდა და... ლექსების თარგმნა.

 

გავა დრო და ბატონი ოთარი მოსკოვში ჩავა, მაგრამ ბროდსკი უკვე ემიგრაციაში წასული დახვდება და მას გადასცემენ მისთვის ბროდსკის მიერ დატოვებულ ბიბლიას...

 

როგორ არ გავიხსენო - ბატონი ოთარის დიდი ქართველობა,

მას საქართველო სტკიოდა და საქართველოთი სუნთქავდა...

 

„მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,

მე ყველაფერი მგონია ჩემი,

როდესაც ასე ახლოა გრემი,

როდესაც ასე ახლოა გრემი!“

 

ან

 

„შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,

როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი“.

 

ვჩერდები...

 

ან ახლა ან არასდროს)))

 

გახსოვთ, გალაკტიონის

 

„ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…

მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი“…

 

ჰოდა, ჩემი ცხოვრების „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“...

და დღემდე მიდის...

და ეს კაცია - ბატონი ოთარ ჭილაძე...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და განსაკუთრებულად პოეტურ დღეს!!!

 

2019 წლის 20 მარტი...

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner