logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: ოსები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდებიან
- +

14 ივნისი. 2016. 18:42


 

რატომ გადასწიეს ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარების თარიღი, რა სიგნალები მოდის აფხაზებისგან, ვინ მოსთხოვა აფხაზებს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაჭერა, რატომ თქვა უარი თბილისმა სოხუმთან თანამშრომლობაზე? - ამ თემებზე „ახალ თაობას" „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი ესაუბრება:


- მაისში მოხდა ერთი ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც, ქართველების გარდა, აფხაზებიც შეაძრწუნა. აფხაზმა მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ გიგა ოთხოზორია მოკლა. ამ მკვლელობას აფხაზებშიც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოსკოვში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების კატეგორიული მოთხოვნით სოხუმის ხელისუფლებამ კანჯი-ოღლი დააპატიმრა.


- რა თანამშრომლობაზე თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ?

 

- აფხაზებს უნდოდათ, რომ ამ საქმის გამოძიება ერთობლივად მომხდარიყო. მათ ენგურის აქეთა მხარესაც სურდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, თვითმხილველების დაკითხვა. გამოძიება ქართულ მხარესაც აქვს ჩატარებული და აფხაზებს ამ მასალების გაცნობაც სურდათ. სამწუხაროა, რომ აფხაზებს არც საბუთები გადასცეს.


- და ამის გამო აღარ დასჯიან გიგა ოთხოზორიას მკვლელს?

 

- აფხაზებმა პირობა მოგვცეს, რომ ის კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. კარგი იქნებოდა, ჩვენს ხელისუფლებას მათთან ეთანამშრომლა. სხვა თუ არაფერი, კანჯი-ოღლის საქმე განსაკუთრებულია. ადრე ასეთი რამე არ მომხდარა.


- რითია ეს საქმე განსაკუთრებული?

 

- 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აფხაზებმა აფხაზი ქართველის მკვლელობისთვის დააკავეს. ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში ბევრი ქართველი მოკლეს, მაგრამ აქამდე არცერთი დამნაშავე არ მიუციათ პასუხისგებაში. ახლა ეს მოხდა და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ხელისუფლებას აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც დამნაშავის დასჯის მიმართულებით, ასევე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დალაგების კუთხითაც.


სერიოზული წინსვლაა ცხინვალის მიმართულებითაც. აქ აგვისტოში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდნენ. რეფერენდუმის ჩატარების იდეით მათი ლიდერი თიბილოვი გამოვიდა. მოსკოვში მცხოვრები ოსური დიასპორა და ოსი ბიზნესმენები ამ საკითხს ცოტა სხვანაირად უყურებენ. ისინი დაელაპარაკნენ თიბილოვსა და მის გარემოცვას. მათი დაჟინებული მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების თარიღმა ერთი წლით გადაიწია. ის მომავალი წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში გაიმართება. შესაძლოა, საერთოდ აღარც კი გაიმართოს. მის ჩატარება-არჩატარების საკითხი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული.


- ჩვენ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ამ რეფერენდუმის ჩატარებას? ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რეფერენდუმი არალეგიტიმურია.

 

- ხელისუფლების განცხადებები რეფერენდუმის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. ოსები ელოდებიან, როგორ დასრულდება აქ საპარლამენტო არჩევნები და ამის მიხედვით იმოქმედებენ.


- საპარლამენტო არჩევნების დასრულებას რატომ ელოდებიან?

 

- აინტერესებთ, როგორი ძალა მოვა ხელისუფლებაში. თუ ისეთი ძალა მოვიდა, რომელიც შერიგებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, ეს რეფერენდუმი შესაძლოა საერთოდ აღარ გაიმართოს.


- შერიგებაზე ეს ხელისუფლებაც საუბრობს და ეს მათთვის საკმარისი არ არის?

 

- სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი. საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ხელისუფლება სიტყვით შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე საუბრობს, საქმით კი სხვას აკეთებს. აფხაზებისგან და ოსებისგან კი მნიშვნელოვანი სიგნალები მოდის, რომლებიც უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ. მე რუსეთში მაქვს ბიზნესი და იქ უამრავ აფხაზსა და ოსს ვხვდები. მათი განწყობა კარგად ვიცი და ამიტომ ვამბობ, რომ მათ შერიგება სურთ.


- იმ აფხაზებსა და ოსებზე რას იტყვით, რომლებმაც ქართველებთან ომში ახლობელი დაკარგეს? თქვენი აზრით, მათ მოუნდებათ შერიგება? ან რას იტყვით იმ ქართველებზე რომლებმაც ამ ომში ახლობლები დაკარგეს?

 

- ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ პროცესი დაწყებულია. უკვე გითხარით, რომ სიგნალები მოდის. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ომი აფხაზეთში და ომი ცხინვალში იყო ძმათამკვლელი ომი. პატიება იოლი არ იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ პატიება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.


ცოტა ხნის წინ ფილარმონიაში ჩვენი პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც აფხაზები და ოსებიც მონაწილეობდნენ. იქ სხვებთან ერთად სიტყვით გამოვიდა ქართველი ქალი, რომელმაც შვილი აფხაზეთში დაკარგა. იქ იმყოფებოდა აფხაზი დედაც, რომლის შვილიც ქართველების ტყვიით დაიღუპა. ეს ქალები ერთმანეთს გადაეხვივნენ და აპატიეს. ეს ცოტას არ ნიშნავს.


- ქალები ასეთ რამეს უფრო იოლად პატიობენ. კავკასიაში კაცებს სისხლის პატიება, როგორც წესი, ძალიან უჭირთ.

 

- უჭირთ, მაგრამ გულწრფელი მონანიების შემდეგ პატიობენ ერთმანეთს. ცხინვალში პირველი ომის შემდეგ ქართველებმა და ოსებმა შერიგება თითქმის მოახერხეს. მაგრამ მერე ვიღაცები ჩაერივნენ და კიდევ დაგვაპირისპირეს ერთმანეთთან. აგვისტოს ომი საერთოდ კატასტროფა იყო. მე დედა ოსი მყავს და ორივე მხარეს ბევრი ნათესავი დამეღუპა. ამიტომაც არის ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მტკივნეული.


ვაპირებდით, რომ ერთმანეთთან შეგვეხვედრებინა შვილმკვდარი აფხაზი და ქართველი მამებიც. გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ამ პროცესმა ცოტა გადაწია, მაგრამ ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება. ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად უნდა ვაპატიოთ, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.


ახლახან 2 დეიდა დავმარხე, ერთი დუშეთში ცხოვრობდა, მეორე - ახალგორში. ნათესავების ნახევარმა ახალგორელი დეიდა ვერ დაიტირა, მეორე ნახევარმა კი - დუშეთში მცხოვრები. ხალხი ერთმანეთთან ვეღარ მიდის და ახლობლებს ტელეფონებით დასტირიან. ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც.


- შერიგებაზე ისაუბრეთ და იმ ხალხის შერიგებას როგორ აპირებთ, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღით იბრძოდნენ?

 

- მათი შერიგება, შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს. აფხაზეთის ომში მეც ვმონაწილეობდი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა იმას ურიგდები, ვის წინააღმდეგაც იბრძოდი.


მათი ნაწილი შერიგდა კიდეც, საუბარია ქართველ და ოს მებრძოლებზე. მათ ეკლესიაში ფიცი დადეს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს არასდროს აღმართავდნენ, ხოლო თუ ქართველებსა და ოსებს შორის კიდევ რაიმე მოხდება, ისინი შუაში ჩადგებიან.


- მებრძოლების შეხვედრა სად მოხდა, ან რომელი ომის მონაწილეებზეა საუბარი?

 

- 1990-იანი წლების კონფლიქტის მონაწილეები შერიგდნენ. შერიგება მცხეთაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოხდა. ეს ეკლესია ცოტა ხნის წინ ავაშენე და იქ წირვა-ლოცვა ქართულ და ოსურ ენებზე მიმდინარეობს. ოსურად წირვას ვლადიკავკაზიდან ჩამოყვანილი მამაო აღავლენს. ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ოჯახთან ერთად წავიდა საქართველოდან, ახლა კი აქ არის.


ეს ეკლესია შერიგების საქმეში დიდ როლს ითამაშებს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაინტერესებას იჩენენ მის მიმართ ოსები. არც ცხინვალში და არც ვლადიკავკასზში არ არის ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ოსურად აღევლინება. ერთადერთი ასეთი ეკლესია მცხეთაშია. იცით, რამდენმა ოსმა გამოთქვა სურვილი, რომ შვილები აქ მონათლოს? ნამდვილი რიგი დგას.


დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება იმ ეკლესიაში, რომელიც ახლა შენდება და სადაც წირვა-ლოცვა აფხაზურ და ქართულ ენებზე აღევლინება. თუ არ ვცდები, აფხაზურ ენაზე ლოცვა არც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღევლინება. ეს ეკლესია სამების საკათედრო ტაძრის უკან შენდება.


- თქვენ ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, რომ ოსებთან და აფხაზებთან შერიგება მოხდება, მაგრამ რას იტყვით რუსულ ფაქტორზე? ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენს შერიგებას ხელს რუსეთი უშლის.

 

- ამას ხელს რუსეთი არ უშლის. შერიგების პროცესი ამერიკას არ აწყობს. მას არც რუსეთში და არც მის სამეზობლოში სიმშვიდე არ აწყობს. ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ დაძაბულობა და არეულობა.


- ამერიკას ეს რაში სჭირდება?

 

- ამერიკას ეს იმაში სჭირდება, რომ ტერიტორიები დაიპყროს. მათ რუსეთის ტერიტორიას დიდი ხანია თვალი დაადგეს. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს საქართველოშიც.


დღეს ჩვენთან ოკუპანტად მხოლოდ რუსეთს მოიხსენიებენ. ამ დროს ყველას ავიწყდება, რომ თურქეთს გაცილებით მეტი ტერიტორია აქვს წაღებული და მიერთებული. ამის წყალობით 7 მილიონზე მეტი ქართველი თურქეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი არიან, მათ ქართველობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ქართველობა უპრობლემოდ შეინარჩუნეს რუსეთში.


რუსეთში არის როგორც ქართული სკოლები, ასევე ქართული ეკლესიები. ამის მაგალითად ვლადიკავკაზი გამოდგება, სადაც ერთიც არის და მეორეც. ვლადიკავკაზის ქართული სკოლა მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში უძველესია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს მისი ხელშეწყობისთვის, მაგრამ პირიქით ხდება, ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც არ უგზავნიან.


- ის სკოლა რუსეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და იქნებ უკრძალავენ მათ ქართული სახელმძღვანელოების მიღებას ან იქნებ ჩვენმა განათლების სამინისტრომ არ იცის, მათ წიგნები რომ სჭირდებათ.

 

- სკოლის ხელმძღვანელობამ არაერთხელ სთხოვა საქართველოს განათლების სამინისტროს დახმარება, მაგრამ არასდროს დახმარებიან. წესით, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ამ სკოლის გასაძლიერებლად. მაგრამ ეს, ეტყობა, საქართველოს ინტერესებში არ არის. სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლების ინტერესებში უცხო ქვეყნის ტანკების შემოყვანაა.


მაისში აქ ერთობლივი წვრთნები ჩატარდა და  ამერიკული ტანკები ჩამოიყვანეს. ამ ტანკებს მუსიკით დახვდნენ, სამაგიეროდ, მე ხატები დამიპატიმრეს. რუსეთიდან მომქონდა რამდენიმე ძვირფასი ხატი, რომლებიც ყაზბეგის საბაჟოზე ჩამომართვეს და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ დააბრუნეს.

 

შორენა მარსაგიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner