ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძეს იხსენებს:
„მახსოვს, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა – თქვენ და ოთარი ერთმანეთის მეტოქეებად თუ გრძნობდით თავსო? – რაც სრულებითაც არ იყო შემთხვევითი, მრავალი და მრავალი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძმის შემხედავს, უსათუოდ უნდა გასჩენოდა ასეთი კითხვა.
არადა, ჩვენ ერთმანეთის კი არა, არავის მეტოქეებად არ ვგრძნობდით თავს, სხვის გასაკეთებელ საქმეს შენ ვერ გააკეთებ, შენი საქმე შენ უნდა აკეთო!
პირველს მე უნდა წამეკითხა მისი ნაწერი. მაშინ მიიჩნევდა საბოლოოდ დამთავრებულად, თუ მომეწონებოდა. თუ არა და თავიდან იწყებდა მუშაობას. ამიტომაც ბევრი ვარიანტი არსებობს მისი ნაწარმოებებისა. მის „ჩანაწერებში“ არის ასეთი ფრაზა: „ვმუშაობ მეოთხე ვარიანტზე“.
ხშირად ვკამათობდით, ეს არ ნიშნავს, თითქოს წყნარად, მშვიდად არ გველაპარაკოს. ბევრი რამ, რაზედაც ვკამათობდით, არ მახსოვს, აი, მშვიდი საუბრები კი სამუდამოდ ჩამრჩა მახსოვრობაში.
ვსაუბრობდით, როგორც ორი, შრომისგან დაქანცული კალატოზი თავიანთ ხელობაზე. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ხელობაც მშენებლობასთან იყო დაკავშირებული.
ყურადღებით გისმენდა, დიდხანს ფიქრობდა, ათასნაირად ატრიალებდა სადავო წინადადებას, სიტყვას თუ პასაჟს. ყოფილა შემთხვევა, როცა უზარმაზარი მონაკვეთი ამოუღია რომანიდან, მე რომ რომანებს ვწერ, იმოდენა! რასაკვირველია, ენანებოდა, მაგრამ თუ დაგიჯერებდა, თუ შენი შენიშვნის სისწორეს ირწმუნებდა, ბოლომდე მოგყვებოდა. როგორც ყველა ნამდვილ შემოქმედს, შენიშვნის, რჩევის არამარტო მოსმენის, არამედ გაგების და სათავისოდ გამოყენების უნარი ჰქონდა.
ძვირფასი დღეები იყო, როცა ჩემს ოთახში შემოვიდოდა და მაგიდაზე მძიმე საქაღალდეს დამიდებდა:
შემიმოწმე!
უცნაური, ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლებოდა – ჯერ განუცდელი ზეიმის თუ დღესასწაულის მოლოდინის მსგავსი და როცა კითხვას ვამთავრებდი, თითქოს, მართლაც, დღესასწაულის მომსწრესა თუ -მონაწილესავით ბედნიერი ვიყავი.“