ევრო 2016-ის პირველი წრის დასრულებამდე F ჯგუფის მატჩებია ჩასატარებელი. პირველი დაპირისპირება ავსტრიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
ტურნირის ახალი რეგლამენტის თანახმად, ისეთ ნაკრებებს, როგორებიც ავსტრია და უნგრეთი არიან, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი ეძლევათ. ოდესღაც დიდი იმპერიის შთამომავლები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მათ გარდა პორტუგალია და საკმაოდ სუსტი ისლანდიის ნაკრები არიან განთესილნი. ასე რომ, ეს საუკეთესო შანსია ფეხბურთელთათვის, რომ 1/8 ფინალში გააღწიონ და სახლში გმირების სტატუსით დაბრუნდნენ.
უნგრელთა სავიზიტო ბარათს გაბორ კირაი წარმოადგენს. მეკარე უკვე მეორე ათწლეულია საკუთარი ქვეყნის კარის ხაზს იცავს და რაც ყველაზე უცნაურია, აშშ-ში ასპარეზობს, რაც საკმაოდ იშვიათია.
ავსტრია დღევანდელ დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით ითამაშებს. მარსელ კოლერის შეგირდებმა შესარჩევში პირველი ადგილი დაიკავეს, გაიტანეს რა 20 გოლი და მხოლოდ 5 გაუშვეს. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთა რიგებში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი - დავიდ ალაბა ასპარეზობს.
ეს გუნდები ანალოგიურ სათამაშო სქემას იყენებენ - 4-2-3-1 ასე რომ, ტაქტიკური გადაადგილებების კუთხით მწვრთნელთა პაექრობას დღეს ნაკლებად უნდა ველოდოთ.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ავსტრია (4-2-3-1): ალმერი - კლაინი, პრედლი, დრაგოვიჩი, ფუხსი - ბაუმგარტლინგერი, ალაბა - ჰარნიკი, იუნუზოვიჩი, არნაუტოვიჩი - იანკო;
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - კადარი, ლანგი, გუემიჩი, ფიოლა - გერა, ნოდი - ნემეტი, კლიაინჰაისლერი, ჯუჯაკი - სალაი.