2019 წლის ივნისში საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებისთვის უცნობმა კადრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ტიკარაძის შესახებ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ გადავწყვიტეთ მასზე უფრო მეტი გაგვეგო.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, 2005 წელს ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისში მიღებული სტომატოლოგიური განათლების შემდეგ, 2007-2008 წლებში გერმანიაში ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი გაიარა და რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ იქ ცხოვრობდა. გერმანიაში ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის უფროს ვაჟზე ტატო (ბიძინა) კაკაბაძეზე იქორწინა.
პირველი შვილი დათა წყვილს 2002 წელს გერმანიის ქალაქ რეგესნბურგში შეეძინათ. მინისტრის მამამთილი მსახიობი ბადრი კაკაბაძე ყველას კარგად ახსოვს მისი ცნობილი როლებით, განსაკუთრებულად კი მას ქართველი მაყურებელი მაინც "რაჭა ჩემი სიყვარულით" გამოარჩევს. ტატო ბადრი კაკაბაძის პირველი შვილია, პირველი ქორწინებიდან. ტიკარაძის დედამთილიც თეატრის მსახიობი, დარეჯან ჯოჯუა გახლავთ. ქალბატონი დარეჯანი სამი წლის წინ სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაშიც" თამაშობდა.
ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დარეჯან ჯოჯუა ყვება: "დიახ, ერთი შვილი მყავს, რძალი და ორი შვილიშვილი - დათა და ანასტასია. ტატომ თეატრალური ინსტიტუტი დაასრულა, მუშაობდა კიდეც, როგორც მსახიობი, მაგრამ მოგეხსენებათ, არტისტობა სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა და ბევრისთვის რთულია ეს ყველაფერი. ტატომაც სხვა გზა აირჩია და რვა წლით გერმანიაში გაემგზავრა. ყოველთვის ძალიან უყვარდა მანქანები და როცა დაბრუნდა, ავტომობილების საექსპერტო კომპანია გახსნა...“.
მეორე შვილი ეკატერინე ტიკარაძეს 2011 წელს საქართველოში შეეძინა. ანასტასია მაშინ უკვე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულმა ექიმმა ბერა ივანიშვილს მოანათლინა.
მინისტრის მეუღლეს გარდა იმისა, რომ კერძო ბიზნესი აქვს, გატაცებულია მოტოსპორტით და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნებული აქვს.
AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ტიკარაძის მიმართ ძალიან დიდი სიმპატიით არის განწყობილი და მის ჩაცმულობაზე განსაკუთრებული გავლენა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ მოახდინა. იმასაც ამბობენ, რომ ტიკარაძის პიჯაკების კოლექციაში ადვილად გამოარჩევთ ივანიშვილის მეუღლის გემოვნებით შერჩეულ და ნაჩუქარ პიჯაკებს.