logo_geo
eng_logo
რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე
- +

21 მარტი. 2020. 20:23

 

 

 

აშშ-ის პრინსტონისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში, ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო ინსტიტუტსა და სხვადასხვა შტატის დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რამდენ ხანს ძლებს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ჰაერსა და სხვადასხვა ზედაპირზე. სამეცნიერო ნაშრომი გამოცემაში The New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.

 

 

21-23 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურასა და 65% ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის სიცოცხლისუნარიანობას ჰაერში - 3, სპილენძის ზედაპირზე - 4, მუყაოზე - 24, პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე კი - 72 საათამდე დროის განმავლობაში ინარჩუნებს.

 

 

მეცნიერებმა ახალი კორონავირუსი მსგავსი ტიპის ვირუსს SARS-CoV-1 შეადარეს, რომლის მიერ გამოწვეული მწვავე რესპირატორული სინდრომით 2002-2003 წლებში 8 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. ჰაერში, პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე მათი სიცოცხლისუნარიანობა თითქმის ერთნაირია. თუმცა, სპილენძის ზედაპირზე ახალი კორონავირუსი ორჯერ უფრო სწრაფად, ხოლო მუყაოზე - სამჯერ ნელა ქრება.

 

 

 

 

 

 

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სურდო, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

 

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება, მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ესპანეთში, ირანში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. სულ მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 255 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner