logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბატონებო, არ არის სახუმარო მდგომარეობა, ასეთი ზიანის მომტანი პანდემია მე არ მახსოვს
- +

22 მარტი. 2020. 21:02

 

ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შეფასა და ქვეყნის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა.

 

 

ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი მასშტაბის პანდემია მას არ ახსოვს და კორონავირუსის შემდგომ პერიოდს უკვე ადარებენ დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს. მისი თქმით, საქართველოში ფართომასშტაბიანი გავრცელება უნდა ავიცილოთ, რადგან პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება, სწორედ ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან მთავარი რეკომენდაციები – სოციალური დისტანცირებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ.

 

 

„საქართველოში 54 დადასტურებულ შემთხვევაზე ვრჩებით. 3 გაჯანმრთელდა და მიეცათ რეკომენდაცია, რომ 2 კვირა იყვნენ თვითიზოლაციაში. დარჩენილი 51 დან კრიტიკული არც ერთი არაა. რამდენიმე შედარებით მძიმეა და მიმდინარეობს კლინიკური მონიტორინგი და მკურნალობა. ასეთია ზოგადი ვითარება ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ საგანგებოს გამოცხადების შემდეგ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევა აღარ იქნება.

 

 

თუ ჩვენ დავიცავთ სოციალური დისტანციის იმ რეკომენდაციებს, რასაც ვიძლევით, ადვილად გავუმკლავდებით ამ ვირუს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღეს გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევიდან ოთხის ისტორია ცენტრისთვის ცნობილია.

 

 

„ერთი შემთხვევა არის საკმაოდ რთული და ავადმყოფი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. იქ ჩვენი ჯგუფი მუშაობს, იმ საავადმყოფოში; ახლა დაბრუნდნენ და მიმდინარეობს ამჟამად დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. დაახლოებით 86 კონტაქტია იდენტიფციცირებული, მაგრამ კონტაქტი უფრო მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახური.იქ მიეცათ შესაბამისი რჩევა-დარიგება ადგილობრივ მედპერსონალს, სადაც წევს ავადმყოფი. საავადმყოფო გადავიდა კარანტინის რეჟიმში და შემდგომ რეკომენდაციებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სოციალური დისტანცირების შესახებ რეკომენდაცია/რჩევა ეხება საქართველოს მთელ მოსახლეობას.

 

 

„ეკლესია სრულიად იზიარებს [მოისმინეს უწმინდესობის ქადაგებას] იმას, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენი ცენტრისა და ჯანდაცვის უწყება იძლევა. მთავარი იარაღი არის სოციალური დისტანცირება, მათ შორის ყველა, ადგილზე და მათ შორის ეკლესიებში.

 

 

მე ვიცი დღეს, რომ ძალიან ბევრ ეკლესიაში წირვა ჩატარდა რადიოფიცირებული საშუალებით და მრევლის უმრავლესობა იყო ეზოში ტაძრის და იცავდნენ მეტრიან [მეტრანახევრიან] დისტანციას. ბევრი ადამიანი გაგებით ეკიდება ამ საკითხს და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ვიძლევით“, – განაცხახდა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს.

 

 

„ბატონებო, არ არის სახუმარო მდგომარეობა, ასეთი პანდემია, ამ ტიპის ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ზიანის, ჯერჯერობით, მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო მოღვაწეობის პერიოდში არ მახსოვს.

 

 

ისმენთ, ალბათ, რომ მსოფლიო ეკონომიკა მთელი მსოფლიოს შიდა პროდუქტის 1, ან 2%-ით შემცირდება. ეს არის 15-18 ტრილიონ დოლარამდე თანხა.

 

 

ეკონომიკა პოსტეპიდემიურ პერიოდში სერიოზული გამოწვება იქნება. ადარებენ დიდ დეპრესიას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს. ყველამ უნდა გავითავისოთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ძლიერი ეკონომიკითა და ჯანდაცვით იყვნენ, ხედავთ, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი დაზიანებაა იქაც, მაინც ძლიერი ქვეყნები არიან ისინი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. ეს არ იქნება ადვილად გადასატანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნელი ზრდა გვქონდეს შემთხვევების. 54 შემთხვევა გვაქვს, როცა ჩვენს ირგვლივ ევროპის ქვეყნებში ხედავთ, რა ციფრებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner