ირაკლი კობახიძემ საგანგებო მდგომარეობაში ეკლესიებში წირვის ჩატარების შესახებ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „პოსტ-ტვ-ს“ ეთერში გააკეთა.
„იყო საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა, რაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი. საზოგადოებაში იყო სხვადასხვა მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კონკრეტულმა ძალებმა, სუბიექტებმა სცადეს ამ თემის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. რამდენად მოახერხეს ამ ქულების დაწერა არ ვიცი, მაგრამ იყო ამის მცდელობა. ვიდრე ეს ძალები ასეთი საქმით არიან დაკავებულები, ჩვენ ვართ საქმით დაკავებულები და ვმუშაობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ყველასთან, მოვუსმინოთ ყველას. მათ შორის, გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია სასულიერო პირებთან, ეკლესიის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ საუკეთესო გამოსავლის მოძებნას, სადაც იქნება დაცული ერთი მხრივ ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი და მეორე მხრივ რწმენის თავისუფლების ინტერესი. მთავარია საუკეთესო ბალანსის გამოძებნა ამ კუთხით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის საფუძველზე ამ პრობლემას ძალიან მარტივად გადავჭრით, თუმცა, ბუნებრივია, ამისთვის მუშაობა იქნება საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.