logo_geo
eng_logo
„ვსწავლობთ ცხოვრებას ვირუსთან ერთად“ - მასწავლებელი მარნეულის სკოლიდან
- +

23 მარტი. 2020. 16:09

 

 

„ვეგუებით ცხოვრების ახალ წესს. ხალხი სახლებშია, გარეთ არ გავდივართ. ყველგან პოლიცია დგას“, - ამის შესახებ „რეპორტიორთან“ საუბარში მარნეულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის გამარჯვებულმა გიორგი ჭაუჭიძემ განაცხადა. 

როგორც ვიცით, დღეს დილით, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობამ სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ორი რეგიონი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა, რისი მიზეზიც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ქალბატონი გახდა, რომელსაც 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

 

როგორც გიორგი ჭაუჭიძე აცხადებს, ახლა მთავარია, ადამიანებმა არსებულ რეალობაში ცხოვრება ისწავლონ, რაც შეეხება სწავლების დისტანციურ მეთოდს, აქ მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

  

- გიორგი, როგორ ხართ? როგორია ადამიანების განწყობა მარნეულში?

 

- ვეგუებით ცხოვრების ახალ წესს. ხალხი სახლებშია, გარეთ არ გავდივართ. ყველგან პოლიცია დგას, როგორც ვიცი. გარეთ გასვლა შეგვიძლია მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. იმედია, მეტი ყურადღება ექნება ამ ჩაკეტილ რეგიონს ყველას მხრიდან. მართალია, სახლებში ვართ, მაგრამ ელექტრონულად როგორღაც ერთმანეთს ვამხნევებთ.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ ქალბატონმა ექიმს არ მიაკითხა? ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია ენობრივი ბარიერის გამო?

 

- ეს ამბავი რომ მხოლოდ საქართველოში ხდებოდეს, შესაძლოა იფიქრო, რომ არასრული ინფორმაციის გამო მოხდა, მაგრამ ეს ხდება ყველგან და მთელი საინფორმაციო სივრცე, ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, თურქული თუ ინგლისური ამით არის გაჯერებული.

 

მოხდა ის, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, ვირუსს ვერ იჭერ ისე, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა გქონდეს. სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ იგივე მომხდარიყო თბილისის ცენტრში და თბილისი გამხდარიყო შიდა გადაცემის კერა. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობაზე, ქცევებზე და ა.შ.

 

პატრიარქმა გუშინ ბრძანა, რომ რასაც გვეუბნებიან, ის წესები უნდა დავიცვათ, არ არის რთული ამის დაცვა, უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, დავშორდეთ ერთმანეთს, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ უფალს დავშორდეთ. თუ დავიწყებთ სიჯიუტეს და თავს და ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, შეიძლება ეპიდემია ნებისმიერ წუთს აფეთქდეს.

 

- მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ძალიან ბევრი სამსახური, მაგრამ სწავლება დისტანციური მეთოდით, ალბათ, არც ისე მარტივი უნდა იყოს... 

 

- ჯერჯერობით სამინისტრო ისევ მუშაობს ერთგვარ პლატფორმაზე, რაც უკვე კარგა ხანია, შეძენილი აქვს. ახლა მიმდინარეობს პროცესი, თუ როგორ ჩართონ ამაში მოსწავლეები და მასწავლებლები, ოღონდ ეს ვერ მოხდება ასე უცბად. გარდა ამისა, ახლა ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, ისეთი სტრესია... ადამიანი ცდილობს გადარჩენას, ზოგი სად არის წასული, ზოგი სად... ამიტომ სრულფასოვანი სასწავლო პროცესის განხორციელება ელექტრონული სახით, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

 

ბევრს სახლში კომპიუტერიც არა აქვს, ზოგიერთმა ერთი ტელეფონი ძლივს უყიდა ორ შვილს და ახლა რომ კომპიუტერზე ფიქრი დაიწყონ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდება ხალხი! შესაბამისად, პროცესი უნდა წარიმართოს არა საგაკვეთილო, არამედ შემეცნებით-გასართობი მიმართულებით და ბავშვებს რაზეც ხელი მიუწვდებათ, ის ტექნიკა უნდა გამოიყენონ ამისათვის. რაც შეეხება კარანტინში ჩაკეტილ ადამიანებს, ეს უკვე კიდევ სხვა რეალობაა. ჯერ მთლიანად, ვირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ და მით უმეტეს ასეთ რეალობაში, როგორშიც დღეს ამ ორმა რეგიონმა გაიღვიძა. სხვა სანერვიულო გაუჩნდათ ახლა ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს.

 

- გეთანხმებით, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ როგორც ამ დღეებში მასწავლებლებისგან მოვისმინე, ელექტრონული სწავლება შესაძლოა, მხოლოდ თავის მოტყუებად ჩაითვალოს იმისათვის, რომ სემესტრი არ ჩავარდეს...  

 

- ჯერ ჩვენ არ ვიცით, ეს სიტუაცია რამდენ ხანს და როგორ გაგრძელდება, როდის აღვადგენთ სწავლას და ა. შ. მოკლედ, ჩაგდება-არჩაგდება არ არის ახლა ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი, თუ ჩავარდება - ჩავარდეს, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არ ჩავარდება! ხომ ხედავთ, ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია... მთავარია, ახლა სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ქცევა გამოვიმუშავოთ, ამაზე უნდა გადავერთოთ ყველა. რა რეალობის წინაშე ვიდგებით ერთი თვის შემდეგ, ორი თვის შემდეგ, ან თუნდაც სასექტემბროდ, ჯერ არავინ იცის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner