„საქართველოს მთავრობის სიძლიერე იქამდე ვერ დავინახეთ, სანამ ამის შესახებ უცხოელებმა არ დაიწყეს საუბარი“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ახლა ის დროა, რომ ყველამ ერთად ვაღიაროთ მთავრობის სიძლიერე, გავამხნევოთ და სტიმული მივცეთ. ვუთხრათ მადლობა, რომ კრიზისულ სიტუაციაში მართვის იდეალურ უნარებს ამჟღავნებენ:
„შეუფასებელი და ფასდაუდებელია ნაბიჯები, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დგამს. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ქართველზე მეტად უცხოელის თვალით დანახული, უცხოელის მიერ ნათქვამის გვჯერა. საქართველოს მთავრობის სიძლიერე იქამდე ვერ დავინახეთ, სანამ ამის შესახებ უცხოელებმა არ დაიწყეს საუბარი, ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მომზადების მაღალი დონის შესახებ უკვე არაერთი ევროპული თუ მსოფლიო გამოცემა წერს და საუბრობს (ანალიტიკოსები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები). ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ მთავრობის მიერ გადადგმულ მკაცრ, მაგრამ აუცილებელ ნაბიჯებს, რომლის დამსახურებით საქართველომ ვირუსის გავრცელების შენელება შეძლო. საქართველოს ნიდერლანდებს ადარებენ, რადგან პირველი ინფიცირებული ადამიანი ორივე ქვეყანამ ფაქტობრივად, ერთდროულად აღმოაჩინა. დღეს ნიდერლანდებში 4749 ინფიცირებულია, საქართველოში კი 61 (ვირუსის გავრცელება მეზობელ ქვეყნებში: თურქეთი - 1 236 ინფიცირებული, რუსეთი - 438, სომხეთი 194, აზერბაჯანი - 72). დღეს მსოფლიო წამყვანი ქვეყნები და გამოცემები, საქართველოს ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნად ასახელებენ.
ზოგიერთი ვაი ქართველი და ვაი ბიზნესმენი გამოდის და დაუსაბუთებელი კრიტიკით ჩირქს ცხებს მთავრობის მუშაობას. კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, მაგრამ ჯანსაღი და არა უსაფუძვლო კრიტიკა, მონაჭორი რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს. დღეს არ არის ქილიკის და ნიშნის მოგებით საუბრის დრო. საქართველოს არაერთი დიდი გამოწვევა ჰქონია, გამოწვევები რომელმაც ერის კონსოლიდაცია მოახდინა. დღეს მორიგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მჯერა რომ ჩვენი ერი ისევ გაერთიანდება და ჭორაობის ნაცვლად ადეკვატურად შეაფასებს მთავრობს მუშაობას. მთავრობის, რომელიც დღეში, 24 საათის განმავლობაში ჩვენთვის მუშაობს, მუშაობს საქართველოს და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის! ახლა ის დროა, რომ ყველამ ერთად ვაღიაროთ მთავრობის სიძლიერე, გავამხნევოთ და სტიმული მივცეთ. ვუთხრათ მადლობა, რომ კრიზისულ სიტუაციაში მართვის იდეალურ უნარებს ამჟღავნებენ. მადლობა საქართველოს მთავრობა, ასე განაგრძეთ, ჩვენ თქვენი გვჯერა!“, - წერს დავით ჩიხელიძე.