logo_geo
eng_logo
ჩინეთის ელჩი: მჯერა, რომ საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს
- +

23 მარტი. 2020. 23:20

 

 

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე საქართველომ გადამწყვეტი ზომები გაატარა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა.

 

 

ვრცელ სტატიას ჩინეთის საელჩო ავრცელებს.

 

 

“საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს.

 

 

ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები. ეს ყოველივე ეპიდემიასთან ბრძოლისას პრაქტიკაში დაგროვილი ძვირფასი გამოცდილებაა და გვჯერა, რომ საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

 

 

გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ უკვე ორჯერ მიიწვია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ქართველი სპეციალისტები რამდენიმე ქვეყნისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად.

 

 

კონფერენციაზე ჩინელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით ისაუბრეს ეპიდემიის გავრცელებისა და სპეციფიკის შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, კლინიკური მკურნალობის, საბაჟო სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ და დაწვრილებით უპასუხეს მხარეების შეკითხვებს. მომავალში ჩინეთი მზადაა ქართული მხარის სურვილისა და საჭიროების მიხედვით, კიდევ გამართოს მსგავსი ღონისძიებები, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით საქართველოს გაუზიაროს „ჩინური გამოცდილება“ და „ ჩინური გეგმა“.

 

 

ჩინური მხარე მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა.

 

 

ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner