logo_geo
eng_logo
28 თებერვალი - რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა
- +

28 თებერვალი. 2016. 16:14


1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, გამოჩენილი მუსიკოსის გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე  დაიბადა.


მუსიკალურმა ტალანტმა გენეტიკურად იჩინა თავი. ხმაც ისე ჩამოუყალიბდა, პედაგოგებთან მუშაობა არც კი დასჭირვებია. სკოლის დამთავრების შემდეგ დიდხანს მერყეობდა, არ იცოდა, კონსერვატორიაში შესულიყო თუ თეატრალურში, ბოლოს მსახიობობა არჩია.


1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.


ნიჭიერებასთან ერთად რამაზ ჩხიკვაძეს წილად ხვდა ბედნიერება ემუშავა უდიდეს რეჟისორებთან - მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან. ამიტომაც შეიქმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე ისეთი შედევრები, როგორიცაა: ლეანდრო - „ესპანელი მღვდელი", პეტრი - „როცა ასეთი სიყვარულია", ქოსიკო - „ჭინჭრაქა", კირილე - „სამანიშვილის დედინაცვალი", ყვარყვარე - „ყვარყვარე", აზდაკი - „კავკასიური ცარცის წრე", რიჩარდი - „რიჩარდ III", ლირი - „მეფე ლირი" და სხვა...


ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.


1961 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1972 წელს - სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1973 წელს მიენიჭა მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („ნერგები"). 1974 წელს - საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები - ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის („ყვარყვარე"). 1978 წელს - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია აზდაკის როლის შესრულებისათვის („კავკასიური ცარცის წრე").1981 წელს - საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები რიჩარდის როლის შესრულებისათვის („რიჩარდ III") 1981 წელს - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 1988 წელს - სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1997 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.


რამაზ ჩხიკვაძემ პირველი კინოროლი „ჭრიჭინაში" ითამაშა, სადაც გამოიკვეთა მსახიობის მუსიკალური ნიჭი. ფილმიდან ფილმამდე სულ უფრო იხვეწებოდა მისი იმპროვიზაციული ოსტატობა თუ გარდასახვის უნარი. რამაზ ჩხიკვაძე ასამდე ფილმშია გადაღებული: „ჭრიჭინა"-1954წ., „დღე პირველი, დღეუკანასკნელი"-1959წ., „ლონდრე"-1967წ., „ნერგები"-1973წ., „მთვარის მოტაცება"-1973წ., „ნატვრისხე"-1977წ. და ა.შ.


2006 წლის 28 თებერვალს მსახიობს 78 წელი შეუსრულდა და რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.


რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ლოურენს ოლივიედ მონათლეს.


რამაზ ჩხიკვაძე 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით. 



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner