logo_geo
eng_logo
მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრზე თავდაცვის ძალები შემოვლით გზებზეც პატრულირებენ და რაიონს ტექნიკური თვალთვალის საშუალებებით აკონტროლებენ
- +

25 მარტი. 2020. 10:50

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ.

 

 

ასევე თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით თავდაცვის ძალების ექვსი სტაციონარული და ერთი მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. დარღვევის ფაქტი სამხედროების მიერ დაუყოვნებლივ აღიკვეთება.

 

 

„თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ასევე აკონტროლებენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე. საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს. დანაყოფი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიების და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner