ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია მუნიციპალურ ავტობუსებს. შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც, თუმცა, გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდება. ამასთან, მოქმედებაში იქნება მხოლოდ უკანა კარი.
დაიწყო ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებებიც.
მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი იწმინდება და სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (რეგისტრირებული ამხანაგობების მიხედვით 850-მდე) სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები. ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე, მათ შორის, ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება სკოლებს, მუნიციპალურ ბაღებსა და სასადილოებს, ბიბლიოთეკებს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს, ღამის თავშესაფარს, ადმინისტრაციულ შენობებს, ოცნების ქალაქს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებს. მომართვის საფუძველზე, დეზინფექცია ჩატარდა კერძო ბაღებსა და დაწესებულებებში, ასევე სხვადასხვა სარესტორნო ქსელში. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები. დროებით შეწყდა წარმოდგენები ბათუმის დელფინარიუმში“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.