logo_geo
eng_logo
რას ქადაგებდა პატრიარქი შენდობის დღეს? - უკეთესად ვხედავთ სხვის ცოდვებს, ვიდრე თვისსა
- +

26 მარტი. 2020. 01:28

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შენდობის დღეს

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

,,მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.” რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. ძნელია, დაინახო, სად არის თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა სწორედ ამის გასარკვევად.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ისმის კითხვა: ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში და კორონავირუსი ეწოდება, საიდანაა? ღვთისაგანაა თუ ბოროტისგან? ერთი რამ ცხადია: რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ისევ ღვთის შეწევნით, ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით უნდა დავძლიოთ იგი.

მე მქონდა ხილვა: ცეცხლისფერ ცხენზე მჯდომმა ცეცხლისფერმა ადამიანმა გადაგვიფრინა ჰაერში და ჩაქრა. ვიცოდი, რომ იგი ხალხს მუსრავდა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწაზე, აზილა თითით და ჯვრისსახით წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ განსაცდელზე.

არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი.

მე საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო!

დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში წერია: ,,არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს.” ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს.

როგორ ვძლიოთ ცოდვას?

,,ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა,” -  ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე.

ჩვენ ხშირად განვიცდით სხვის ცოდვებს, ვხედავთ უკეთესად სხვის ცოდვებს, ვიდრე თავისას და ამით ვიძლიერებთ ჩვენი ცოდვის სიმძიმესაც.

ადამიანის ცხოვრება ეს არის ყოველდღიური განსაცდელი და ჩვენ უნდა ვძლიოთ მას. განსაკუთრებით მძიმეა სასულიერო პირის ჯვარი. იგი პასუხისმგებელია არა მარტო თავის თავზე, არამედ მრევლზეც.

ეს 42 წელი, რომელიც დამაკისრა მე მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს.

მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე!

შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა.

მამაო ზეციერო, ძეო ღვთისაო, სულო წმინდაო, ყოვლადწმინდაო სამებაო, შემინდე მე და სრულიად საქართველოს ცოდვები ჩვენი, ნებსითნი და უნებლიეთნი. მღვდელმთავრებს ვთხოვ შენდობას ჩემთა ცოდვათა, ასევე სამღვდელოებას ვთხოვ შენდობას; და შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვის მშვიდობით! წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული იყოს თქვენ ზედა!

შემინდეთ და მაპატიეთ მე შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

შეგინდოთ ღმერთმა თქვენ და ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა ყოველი ცოდვანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

 

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ 2020 წლის. 1 მარტი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner