ავტორი ნონა ქარქაშაძე
„როდესაც ადამიანი საკუთარი ყოვლისშემძლეობის ილუზიაში იძირება და ეჩვენება, რომ მას ყველაფრის კონტროლი შეუძლია, ამის პასუხად, ბუნება თითქოს თავის ძალას გვიჩვენებს და მიგვითითებს, თუ ვინ არის მბრძანებელი“, - ასე შეაფასა არსებული მდგომარეობა „რეპორტიორთან“ საუბარში ფსიქოლოგმა ნონა ხიდეშელმა და განმარტა, რომ ახლა საუკეთესო დროა საკუთარ თავთან შესახვედრად და მის გასაცნობად.
მისი თქმით, როდესაც პანდემია გადაივლის, სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც - ადრე, ადამიანის ფსიქიკაში კი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.
რატომ არის დედამიწა საცხოვრებლად რთული ადგილი და რა პოზიტივი შეიძლება დავინახოთ არსებულ სიტუაციაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
- სამყაროში ზოგჯერ დგება პერიოდი, რომელიც ძირეულად შეარყევს ხოლმე ადამიანის ფსიქიკას და ვფიქრობ, რომ ახლა ეს პერიოდი გვიდგას. მე ამას შევარქვი მესამე მსოფლიო ომი. ის დროა, როცა ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ფსიქიკის მდგრადობა, როგორ ვიცხოვრეთ, რა ფასეულობით მოვედით აქამდე. ეს არის გარდუვალობა, რასაც ადამიანი ვერ მართავს. თითქოს სამყარო ჩვენს უსუსურობას გვიჩვენებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყოვლისშემძლეობის განცდა დედამიწაზე მხოლოდ ილუზიაა.
ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაგვარჩინოს ახლა, არის ურთიერთთანაგრძნობა, გონიერება და სიყვარული, რაც ასეთი დეფიციტია თანამედროვე სამყაროში. ბუნებრივია, ყველაფერს ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაშიც შეიძლება დადებითი მხარის დანახვა. ვფიქრობ, ინტროვენტული პერიოდი დგება. დადგა დრო დაფიქრების, საკუთარი თავის გაცნობისა და მასზე დაკვირვების, ვინ ვართ, სად ვართ, როგორ ვართ, რა ფასი აქვს ჩვენთვის სიცოცხლეს, ადამიანს?!
ადამიანი, რომელიც მუდმივად ფოკუსირებულია ქმედებაზე, მოძრაობაზე, გარეთ გასვლაზე, რაც სხვათა შორის, ხშირად ნევროტული მდგომარეობის გამოვლინებაა, იძულებული გახდა, შეჩერდეს, დაფიქრდეს და საკუთარი ქმედებები გააანალიზოს.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ასეთ მზადყოფნას... მე ხშირად მაქვს ონლაინ-თერაპიები ქართველ ემიგრანტებთან და ვიცი, რაც ხდება ბევრ განვითარებულ ქვეყანაში... მე მგონი, ამ სიტუაციამ გვაჩვენა, რომ ძალიან გავიზარდეთ, როგორც საზოგადოება. 90-იანმა წლებმა, ამდენმა სტრესმა და გაჭირვებამ ძალიან გამოგვაწრთო.
- საზოგადოების მზაობა აღნიშნეთ, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში უკვე არაერთხელ გადავაწყდით უპასუხისმგებლო საქციელს გარკვეული მოქალაქეების მხრიდან, რომლებმაც სხვა ადამიანებს დაინფიცირების საფრთხე შეუქმნეს და არც მაინცდამაინც თავიანთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, რაც საზოგადოების მზაობას დადებითად ნამდვილად არ ახასიათებს...
- ეს არის უკვე ადამიანის ინფანტილურობა, უპასუხისმგებლობა და ბავშვური მიდგომა საკითხისადმი, რომ „აუცილებლად გამოვძვრები“. ეს საკითხისადმი არაგონივრული მიდგომაა, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება, მაგრამ მაინც შეფარდებითია ყველაფერი.
ახლა როგორ უნდა თქვა, რომ კარგი პერიოდი დადგა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ , მივხვდებით, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც რამე უნდა დაგეგმო ან რაიმე გარკვეულია. ერთადერთი, რაც შეიძლება დააბანდო, ეს არის სიყვარული და თანაგრძნობა. ბოლო 30 წელია, ჩვენ ვხედავთ უდიდეს სიძულვილს, ცინიზმსა და დამცირებას ერთმანეთის მიმართ და თითქოს ეს ყველაფერი იცვლება, რაღაც იმედი გაჩნდა, რომ შესაძლებელია, ადამიანურ რეჟიმში გადავიდეთ, შეიძლება ჩვენც ვიცხოვროთ მშვიდად, ერთმანეთს გავუღიმოთ, თანავუგრძნოთ, არ დავცინოთ და გამოგონილ სამყაროში არ ვიცხოვროთ.
- ადრე თუ გვიან, ეს განსაცდელიც გადაივლის. როგორ ფიქრობთ, დატოვებს თუ არა თავის კვალს დღევანდელი მდგომარეობა ადამიანების ფსიქიკაზე?
- მე ვფიქრობ, რომ როცა ეს პანდემია გადაივლის, სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. წინ კიდევ უფრო რთული პერიოდები გვაქვს, ალბათ, საფუძვლიანად შეარყევს ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქიკას, რაც მოხდა მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი განსაცდელი პერიოდულად დგებოდა ხოლმე დედამიწაზე და ალბათ მიზეზი ადამიანის უგუნურებაში უნდა ვეძებოთ, ყველაფრისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებაში, სიხარბესა და ეგოიზმში. როცა ილუზიებით გადაივსება კაცობრიობა და ჩათვლის, რომ უკვე ყველაფრის კონტროლი შეუძლია, თითქოს ამის პასუხად, ბუნება თავის ძალას გვიჩვენებს და მიგვითითებს, თუ ვინ არის მბრძანებელი. მე ვიტყოდი, რომ ეს არის კოლექტიური არაცნობიერის მანიფესტაცია, ფსიქოლოგია ამბობს, რომ ჩვენს ცხოვრებას მართავს არაცნობიერი ფსიქიკა, რომელიც იმას გვიბრუნებს, რასაც ხელუხლებლად ვინახავთ. მუდმივად უნდა ვიყოთ თვითდაკვირვების მდგომარეობაში, გავაცნობიეროთ ემოციები და შევიცნოთ საკუთარი თავი, რისი დროც თანამედროვე ადამიანს, სამწუხაროდ, აღარ აქვს.
ყველაფერი კარგია, სპორტდარბაზები, სპა-სალონები, სპორტი, კლუბები, ხელოვნება... მაგრამ დაფიქრების დრო აღარ გვრჩება. ადამიანები ვეღარ საუბრობენ და აღარც უსმენენ ერთმანეთს, არავის დრო აღარ აქვს სხვისთვის, ყველაფერი ზედაპირულია, ყალბი ღიმილი, ყალბი თანაგრძნობა, მეგობრობა, სიყვარული... ამიტომაა, ყველა რომ მარტოობას განიცდის. მე ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებიც თითქოს გახსნილ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ყველას კომუნიკაციის პრობლემა აქვს, არავინ უსმენს სხვას გულით, ემოციით, თანაგრძნობით. ყველაფერზე ქილიკი, სიცილი და არასერიოზული მიდგომებია... ახლა კი ყველა უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ სინამდვილეში სამყარო ასეთი ჩვენ შევქმენით, აქ ყველაფერი დროებითია და არავინ არაფერს წარმოადგენს.
- ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ბევრი განიხილავს იმ საკითხს, რომ პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა იმაზე გაცილებით მეტი პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს, რაც ოჯახისთვის, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, საკმარისზე მეტია. იგივე მდგომარეობაა მსოფლიოს მასშტაბით. ეს ალბათ შიშის და პანიკის გამოხატულებაა?!
- რა თქმა უნდა, ეს არის პანიკის და შიშის გამოხატულება, რადგან ადამიანს მაინც საკვები მიაჩნია გადამრჩენელად და უკიდურეს მდგომარეობას უშვებს, რომ თუ ყველაფერი გათავდა, მერე რას იზამს? - ჩვენ ამის მძიმე გამოცდილება გვაქვს 90-იანი წლებიდან, მაგრამ დასავლეთს ხომ არა აქვს ეს გამოცდილება?! როგორც ერთი იტალიელი ამბობდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი პანიკა აღარ ყოფილა იტალიაში. საკვები, საბოლოო ჯამში, არის უკანასკნელი რამ, რასაც ადამიანი ეჭიდება...
ახლა გამოჩნდება ყველაზე მეტად, რამდენად შეგვიძლია ერთმანეთის ატანა, მეგობრის, მეზობლის, შვილის... რანი ვართ, როგორ მოვედით აქამდე, რამდენად გონივრულად ვიცხოვრეთ.
- კაფკამ თქვა: ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ოდესღაც შეწყდება. აცნობიერებს თუ არა ადამიანი რეალურად, რომ მისი ცხოვრება ოდესღაც დასრულდება?
- ადამიანი რომ აცნობიერებდეს, რომ მოკვდავია, ნამდვილად რომ აცნობიერებდეს ამას, არ იქნებოდა ამდენი სიხარბე და სიძულვილი დედამიწაზე, არ იქნებოდა ასეთი ავადმყოფური მომხვეჭელობა და ძალაუფლებისადმი სწრაფვა, არ იქნებოდა მატერიალური სიმდიდრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელში, მაშინ როცა მსოფლიოში რაღაც ნაწილი, უბრალოდ, შიმშილობს. ადამიანი როდესაც სიკვდილზე ფიქრობს, ის ფიქრობს სხვის სიკვდილზე, საკუთარ თავთან ამის გაიგივება უჭირს. ეს ყველაფერი იმ სიბრმავის ბრალია, რომ ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობს და არ ესმის, რომ ის აბსოლუტურად ფსიქიკური ქმნილებაა. თუმცა, ბევრი აქვს წაკითხული, მოსმენილი და განცდილიც, მაინც არ სჯერა, რომ სიკვდილი ოდესღაც მასაც შეეხება.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაინფიცირდა და მათ, ვინც ახლა საზოგადოებისგან იზოლირებულად იმყოფება და განაჩენივით ელოდება პასუხს, არის თუ არა ამ ვირუსის მატარებელი?
- რაც უკვე აღვნიშნე, იმავეს ვეტყოდი: მოდი, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, ვინ ვართ, როგორ მოვედით აქამდე, დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს, დამოკიდებულებებს, შიშებს, ეგოიზმს, რეალურად დავინახოთ საკუთარი თავი... ახლა თითქოს სამყარო გვეუბნება, მოდი, შეჩერდი ცოტა ხნით და დაფიქრდი, რომ ხვალ ცხოვრება შეიძლება დასრულდეს და „კორონა“ თუ არ იზამს ამას, სხვა რამე შეიძლება იყოს მიზეზი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პერიოდია, შეხვდე საკუთარ თავს და გაიცნო ის.
დედამიწაზე ფიზიკურ არსებობას აქვს თავის რეალობა, რომელიც ჩვენ, ზრდასრულმა, ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ. მაგალითად, უნდა ვისწავლოთ ავადმყოფობის დაძლევა, სურვილების მართვა, ფიქრი სხვა ადამიანებზე... შიმშილიც გადაუტანია დედამიწას, ომიც და პანდემიაც... არც მე მომწონს, მაგრამ ეს რეალობაა. იმის გააზრება, რომ სამყარო არც კეთილია, არც ბოროტი, უბრალოდ, არის ისეთი, როგორიც არის, ვფიქრობ, დაგვეხმარება, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შევინარჩუნოთ.
ახლა გაზაფხული მოდის და იმედი მაქვს, მდგომარეობაც გარკვეულწილად შემსუბუქდება. აბსოლუტურ გარანტიებს ვერავინ მოგვცემს, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დროითა და სივრცით ვართ განპირობებული, აქ ყველაფერი მთავრდება, აქ მუდმივი არაფერია... დედამიწა კი, საკმაოდ რთული ადგილია საცხოვრებლად.