„არც მარგველაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს პატიმრების შეწყალების დროს პირადი შეხედულებებით არასოდეს უხელმძღვანელიათ და არც ახლა, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში აპირებენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას."- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ სამაუწყებლო კომპანია გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.
„პრეზიდენტს და მის გუნდს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. თქვენ რომ დამიწყოთ ლაპარაკი ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობაზე, მისი შინაგან სამქეთა მინისტრობის პერიოდში, ალბათ ყველას გაახსენდება, ჩემი არაერთი უმწვავესი განცხადება და გამოსვლა მისი მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით. მე ხელისუფლებასთან ის პრეტენზიებიც მქონდა თავის დროზე, რომ როდესაც იმ მუხლებით მოხდა ბრალის წაყენება ვანო მერაბიშვილისათვის, რა მუხლებითაც დღეს ის არის გასამართლებული და ნაწილი მუხლებით კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, დავა, ეს არ იყო ის მუხლები, რომელიც ქართული საზოგადოების პრეტენზიებს პასუხობდა ვანო მერაბიშვილის მინისტრობასთან დაკავშირებით.
არც ერთი წუთით, არც ერთი წამით, არც ჩემთვის, არც პრეზიდენტი მარგველაშვილისათვის, არც მისი გუნდის არც ერთი წარმომადგენლისათვის, არასოდეს არ გვიხელმძღვანელია და არც ახლა ვაპირებთ ვიხელმძღვანელოთ ჩვენი პირადი შეხედულებებით, პატიმარი არის პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ პატიმრის უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ეს პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე არჩევიდან ერთი თვის თავზე, იმიტომ რომ მაშინ მოხდა სწორედ ეს ინციდენტი, რომლის თაობაზეც სწორედ სტრასტბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია საუბარი და მაშინვე ეს პოზიცია და ეს დამოკიდებულება ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს და დღესაც ეს პოზიცია და ეს დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ. ჩვენ ამ წუთში არ ვმსჯელობთ რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილის დანაშაულობასა ან უდანაშაულობაზე. ჩვენ ამ წუთში ვმსჯელობთ იმაზე, რომ შესაბამისი ორგანოები - პროკურატურა, სასამართლო და პოლიტიკური გუნდი მოიქცა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც მათ თვალი დაუხუჭეს ისეთ დარღვევებს, რომელიც იქნა დაშვებული მთელ ამ პროცესში და რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა ძალიან მძაფრი საერთაშორისო რეაქცია," -აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.