ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 81 წლის იუბილეს აღნიშნავს. გთავაზობთ ციტატებს მწერლის შემოქმედებიდან:
„ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს“.
„ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი...
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ... თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეძლოს... ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა... სახის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული... და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი...
„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინა!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ...“
„კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდენ და გადააფარებ, უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული... გაწამდები და გაიხარებ... სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ - უბედნიერესი უბედური იქნები - და დატანჯული“.
„სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...
ადამიანი ადამიანისთვის დღეა...“
„იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!“
„არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...“
„როგორც იქნა ნამდვილი თოვლიც მოვიდა, ქვაფენილთა სითბოს მომრევი, რბილად ბრჭყვიალებდა ფარნის შუქზე, თოვლი, ისეთი თეთრი. აბზინებული თოვლი. სიბნელეში ლურჯი, ლურჯი და იქაც, ძალიან შორს თითქოს მსუბუქი და სპეტაკნარევი, მაინც სპეტაკი და ირგვლივ ბარდნა... სიჩუმე იდგა პირველი თოვლის და მხოლოდ ერთგან, მკრთალად განათებული ფანჯრიდან გამოსულ შუქზე თითქოს ოდნავ შრიალებდნენ ნათელი, გადიდებული ფიფქები... თოვდა, უცხო სიმართლე ფარფატებდა ირგვლივ, პირველი თოვლის თეთრი სიმართლე... ეჰ რა კარგი იყო, და მიანც ჰქონდა თოვლს მისი სევდა, ფიფქებით შეკოწიწებული, თეთრი, უთქმელი“.
„წამოიწია დომენიკომ, მუხლებზე დადგა, ხელები მამისკენ აღაპყრო; ერთბაშად შემდგარნი ადგილზევე ყუჩდებოდნენ სირბილით აქოშინებული ყმები - რაღაცა უნდა მომხდარიყო და, თავად მამაც, მუდარადქცეულ თვალებში ჯიუტად ჩასცქეროდა დომენიკოს, იმის ლოყებზე თითები მაგრად შემოეჭდო და ისე... მგზავრმა კი სასწაულით შერჩენილი ღონის პაწია ნამცეცი მოიკრიფა, დახეთქილ ტუჩებზე გაიხახუნა მშრალი ენა და მისუსტებული შეევედრა: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შჰენდა... - სულს ძლივს ითქვამდა და, თავდახრილმა დააყოლა, - არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“. თავჩაქინდრული, მუხლებზე იდგა, ყოვლად უმწეო, უსუსური, განაჩენს უცდიდა - თითები შეუშვა მამამ. მაგრამ ჯერ ისევ წინგადახრილი, გახევებული იდგა, დაკაწრულ მხრებზე ჯიუტად დასცქეროდა.
- მაგან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა... - გაისმა იქვე. ეს - გვეგვე იყო. მამა კი წელში გაიმართა, ძლივს დომენიკოს გამკაცრებული თვალი, პირი იბრუნა, კოშკისკენ ხელი გაიშვირა, თქვა:
- გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას! ის კაცი, თავისთავად, ისევე როგორც ყველანი ჩვენ თავისი თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო. და როგორც ყოველს, იმასაც მარტოკინად ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანად - საკუთარი თავი, მხოლოდ მისეული, მთელ სამყაროს რომ იტევდა და მისი ქვეყანა მხოლოდ მისით ცოცხლობდა, მხოლოდ“.
„ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ“.
„- ნუ გეწყინებაზე... ოღონდ იცოდე - ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაცა უფრო ღირებულისთვის უნდა იბრძოდე, ვიდრე ეს გაავებული ხარი თუ გაცოფებული კამეჩია... თავაპყრობილი, დამდუღრული შესცქეროდა პირველი მწყემსი, დიდი ვაკეირო და როგორც იქნა, ბოლოს გაბედა...
-„თავისუფლება?“ - მხოლოდ თვალებით იკითხა, მხოლოდ უტყვად იკითხა ზე მორეირამ, „თავისუფლება?“- ასე იკითხა თვალებით მხოლოდ და ენის წვერით ხარბად აილოკა ზედა ტუჩი და შეაცქერდა. - ხო.
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.
ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც კი-მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები… ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე...
სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს.
ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს.
ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.
ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს.
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.
დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.
ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი.
ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
- ადამიანი რომ გყვარებოდა!
მაგრამ, იცოდეთ, – უპატრონო საფლავები არ არსებობენ, რადგანაც მიწა ყველასია.
ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, — ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი.
შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და... პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი... წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც...
ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია... ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.
მთავარია ძიება, დაკვირვება და პირდაპირობა.
იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.
— თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, — განმარტავდა გრიშა.
— ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი! ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!
— მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაი-მეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი“.
დოჩანაშვილის შემოქმედება მრავალ ენაზეა ნათარგმნი, მისი ნაწარმოებები კი საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. ის არის ავტორი ისეთი ცნობილი მოთხრობებისა, როგორებიცაა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „მხოლოდ ერთი კაცი“, „კეჟერაძეები“. მისი ლეგენდარული რომანია „სამოსელი პირველი“, რომელიც 1975 წელს გამოიცა და დაფუძნებულია ბიბლიური „უძღები შვილის“ იგავის სიუჟეტზე.