logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: სიმპტომების ქონა არ არის აუცილებელი ვირუსის გარემოში გასავრცელებლად
- +

26 მარტი. 2020. 17:48

 

                                

გადადის თუ არა კორონავირუსი უსიმპტომო პაციენტისგან; შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირება; შეექმნება თუ არა საფრთხე ნაყოფის და ახალშობილის ჯანმრთელობას, თუ დედას ვირუსი დაუდგინდა; არის თუ არა ცხელი წყლის სმა კორონავირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა? - აღნიშნულ და სხვა ხშირად დასმულ შეკითხვებს ახალი კორონავირუსის შესახებ, „რეპორტიორთან“ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს.

 

- ქალბატონო მაია, პირველ რიგში, საინტერესოა, რატომ არის იტალიაში სიკვდილობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი, რას ვერ ითვალისწინებენ ისინი?

 

- ამ საკითხზე ბევრი სხვადასხვა მოსაზრება იწერება, თუმცა, ალბათ, ყველაზე საინტერესო თვითონ იტალიელი სპეციალისტების განმარტებებია. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის უპირველეს მიზეზად ასახელებს იმას, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების ასაკი იტალიაში, ბევრად აღემატება სხვა ქვეყნების პაციენტების ასაკის მაჩვენებელს. მაგალითად, იტალიელ პაციენტთა ასაკის მედიანა (და არა საშუალო) არის 67 წელი, მაშინ, როდესაც, ჩინეთში ჰოსპიტალიზებულთა ასაკის მედიანა 47 წელია.

 

საინტერესოა ასევე, კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ის ასახელებს - ეს არის იტალიაში სიკვდილის მიზეზის განსხვავებული აღრიცხვა. კერძოდ, იტალიაში, თუ ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მისი სიკვდილის მიზეზად ფორმდება ეს ინფექცია და არა მისი ძირითადი დაავადება. ვინაიდან, ჰოსპიტალიზებულთა 88%-ს აღენიშნება 1, 2, 3 ან მეტი ფონური დაავადება. ამ სეგმენტში დიფერენცირება არ ხდება, რა შემთხვევაშია გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ვირუსი და რა შემთხვევაში ძირითადი დაავადება, რა თქმა უნდა, ამის გარჩევა ზოგჯერ მართლაც რთულია. სხვა ქვეყნებში ასე ცალსახად სიკვდილის მიზეზად ყოველთვის კორონავირუსის დაფიქსირება არ ხდება. ამჟამად იტალიამ გადახედა სიკვდილის მიზეზის კლასიფიკაციის ამ მეთოდს და, მაღალი ალბათობით, ამ დღეებში სიკვდილობის პროცენტი დაიკლებს. თუმცა, ზოგადადაც აღინიშნება კლების ტენდენცია.

 

- თავიდან გავრცელდა მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსით ბავშვები არ ინფიცირდებიან, თუმცა, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, გაირკვა, რომ ეს ასე არ არის. როგორ მიმდინარეობს ეს ინფექცია ბავშვებში, თუკი ისინი მაინც დაინფიცირდნენ?

 

- ფართოდ ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვებში ახალი კორონავირუსით ინფექცია უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ძალიან იშვიათია ლეტალური გამოსავალი. ეს ზოგჯერ არასწორად იქნა გაგებული, თითქოს ბავშვები იშვიათად ინფიცირდებიან კორონავირუსით. ზუსტი სტატისტიკა ჯერ, რა თქმა უნდა, არ არსებობს, სანამ ეპიდემიოლოგიური კვლევევბი არ ჩატარდება, თუმცა, დღეს არსებული ინფორმაციაც იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბავშვებიც ინფიცირდებიან კორონავირუსით, თუმცა, ბევრად უფრო მსუბუქად გადააქვთ დაავადება. ამიტომ, ბავშვები შეიძლება, ინფექციის გადამტანები იყვნენ. სწორედ ამის გამოც, სკოლებისა და ბაღების დაკეტვა, ბავშვების მიერ მოზრდილების და, განსაკუთრებით, ხანდაზმულების დაინფიცირების პროფილაქტიკისთვის, საუკეთესო მეთოდია.

 

აქედან გამომდინარე, არასწორია შეფასება, რომ საქართველოში არაპროპორციულად მაღალია ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი (მოგეხსენებათ, დადასტურებულია ბავშვთა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა). ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, საბედნიეროდ, ამ ასაკობრივ ჯგუფში გართულებები ნაკლებად მოსალოდნელია.

 

- გადადის თუ არა კორონავირუსი უსიმპტომო პაციენტისგან?

 

- კორონავირუსი გადაეცემა როგორც უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტებისგან, ასევე სიმპტომების მქონეთაგან კლინიკური ნიშნების გამოვლენამდეც (24-48 საათი სიმპტომების დაწყებამდე). შესაბამისად, სიმპტომების ქონა არ არის აუცილებელი ვირუსის გარემოში გასავრცელებლად. უსიმპტომო პაციენტებშიც აღმოჩენილია ვირუსის მაღალი კონცენტრაცია ზემო სასუნთქ გზებში. თუმცა ეპიდემიოლოგიურ სურათში, რა თქმა უნდა, სიმპტომების მქონე პაციენტები ბევრად დიდ როლს ასრულებენ, ანუ ისინი ვირუსს მეტად ავრცელებენ, ვიდრე სიმპტომების არმქონე ადამიანები.

 

- გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ორსული დედიდან ნაყოფს?

 

- ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, გადაეცემა თუ არა COVID-19 ვერტიკალური გზით (ანუ ორსულობის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდებში), თუმცა, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაგროვილი ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი არ არის გამოვლენილი არც ერთ ახალშობილში. ასევე, ვირუსი არ არის აღმოჩენილი ამნიონურ სითხეში (სანაყოფე წყლები) და დედის რძეში.

 

ასევე აღასანიშნავია, რომ ვერტიკალური გადაცემის შემთხვევები არ ყოფილა წინა ორი კორონავირუსული ეპიდემიის დროს (SARS და MERS).

 

- და თუ ორსულს დაუდგინდა კორონავირუსი, შეექმნება თუ არა საფრთხე ნაყოფის და ახალშობილის ჯანმრთელობას?

 

- ამ მიმართულებით უშუალოდ COVID-19-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ მწირია, თუმცა, თუ ვიხელმძღვანელებთ წინამორბედი კორონავირუსული ეპიდემიების და ასევე გრიპის მაგალითებით, არსებობს ნაადრევი მშობიარობის და დღენაკლული ახალშობილის დაბადების რისკი.

 

- არის თუ არა შენობების დეზინფენქცია ვირუსის პრევენციის ერთგვარი საშუალება?

 

- კორონავირუსი გადაეცემა წვეთოვანი გზით, ძირითადად, პირდაპირი კონტაქტით, ადამიანიდან ადამიანზე, თუმცა, შესაძლებელია ინფიცირება მოხდეს წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შედეგადაც. შესაბამისად, ზედაპირების დეზინფენქცია მნიშვნელოვანია. თუმცა, ვირუსი ზედაპირებზე რამდენიმე საათს (უკიდურესად იშვიათად რამდენიმე დღეს) ძლებს, ამიტომ, ისეთი შენობების დეზინფენქცია, სადაც ადამიანების მუდმივი ნაკადი არ არის, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ამჟამად დაკეტილი სკოლების და ბაღების დეზინფენქცია, სადაც ბავშვები კიდევ დიდხანს არ შევლენ, არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მათ შენობებში დაბრუნებამდე, ვირუსი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება ზედაპირებზე.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზედაპირები ჯერ მექანიკურად უნდა გაიწმინდოს, რომ მაქსიმალურად მოშორდეს ნაწილაკები და მხოლოდ ამის შემდეგ დამუშავდეს სადეზინფენქციო საშუალებებით.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი არ არის ქარხნულად დამზადებული ხსნარები, 70-გრადუსიანი სპირტიც ძალიან კარგად მუშაობს ვირუსის გასაუვნებელყოფად ზედაპირებზე, და არა დასალევად, როგორც ეს ზოგიერთმა გაიგო.

 

- შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირება?

 

- ზოგადად, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია ხელახლა ინფიცირების შესაძლებლობა იმავე ვირუსით, თუმცა, თუნდაც ხანმოკლე იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში გამომუშავდება ხოლმე. ამიტომ იმავე სეზონზე ხელახლა ინფიცირება, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი.

 

რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ჩინეთში რამდენიმე პაციენტს გამოჯანმრთელების და სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ხელახლა აღმოაჩნდა ვირუსი, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეს პაციენტები ბოლომდე გამოჯანმრთელებულები არ იყვნენ, თუმცა, ვირუსის დაბალი კონცენტრაციის გამო, არ იყო ლაბორატორიულად განსაზღვრადი და განვითარდა რეციდივი.

 

- არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს ცხელი წყლის სმა კორონავირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა...

 

- არავითარი ბიოლოგიური მექანიზმი და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხელი წყლის სმა კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს ადამიანს, არ არსებობს. ეს არის მითი, რომელიც ბევრმა აიტაცა. თავისთავად, წყლის სმაში ცუდი არაფერია და სითხით შევსება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა, წყლის ტემპერატურას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ცხელი წყლის დალევა ვირუსს ვერ კლავს!

 

- დაბოლოს, რა შემთხვევაშია აუცილებელი კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება?

 

 

- ინფორმაცია და რეკომენდაციები კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იცვლება. სულ ახლახან ტესტირების ჩატარების ჩვენება აღინიშნებოდა იმ ადამიანებში, ვინც იმოგზაურა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ან ჰქონდათ კონტაქტი ვირუსით ინფიცირებულთან.

 

ამჟამად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია შეიცვალა და მოგვიწოდებენ, გადავიდეთ აქტიურ ტესტირებაზე - „Test, test, and test“, - გაჟღერდა ჯანმო-ს მიერ.

 

ამის აუცილებლობა შექმნა იმ გარემოებამ, რომ მაღალი ალბათობით, ვირუსი უკვე გავრცელდა პოპულაციაში და საჭიროა ინფიცირებულთა მაქსიმალურად გამოვლენა. ამიტომ უნდა მოხდეს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირება. კორეამ თავიდანვე ეს სწორი სტრატეგია აირჩია და დღემდე 260 000 ადამიანი ჰყავთ უკვე გამოკვლეული...

 

მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ „უბრალოდ ინტერესის გამო“ ტესტირებას აზრი არა აქვს და როდესაც კლინიკებში ტესტირება დაიწყება, ნუ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, თუ არა აქვთ სიმპტომი ან თუ არ იყვნენ უშუალო კონტაქტში დადასტურებული ინფექციის მქონე პირთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნიან ქაოსს და დიაგნოსტიკის გარეშე დატოვებენ მათ, ვისაც რეალურად სჭირდება ანალიზის ჩატარება.

 

თუ დადგა ამის საჭიროება და იქნება შესაძლებლობა, რომ უსიმპტომო ადამიანების მასობრივი სკრინინგი დაიწყოს, ამის შესახებ დამატებით გვაცნობებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner