ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ბაზარში ეთერა იდგა აბუზული, გაუთენებელში, თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა და ზემოდან თავშალი შემოეხვია. კვერცხი ჩამოეტანა გასაყიდად და ჩემთვის ხარისთვალა დაეკრიფა.
- იმ შაბათს ყვითელგულა ნარცისები უნა წამოგიღო და ჩამო... ეს კვერცხებიღა დამრჩა, იაფად გავცემ და მალე უნა წავიდეე, საფლავზე ვარ ასასვლელი, ვარდები უნა დავრგოოო, - გამიბა ლაპარაკი.
- ეთოო, ვარდები სადაც არ დავრგე, არ გაიხარა და თავი დავანებე. - შევჩივლე.
- ჩვენი სასაფლაო ტყის პირასაა, ნეშომპალა მიწაა და იქ ვარდი კი არა, მიცვალებულებიც კარქა ხარობენ.
-რაააა?
- ხოო, სუ ერთად არიან, ჩემი დედამთილ-მამამთილი და მაგათი მშობლები, ჩემი მაზლები, ძალოები, ჩემი ქმარი, სუ ერთად არიან , 11 სულიიი... რომ ავდივარ, ერთი დღე არ მყოფნის საფლავის გასაწმენდად. ბალღები კი მეუბნებიან, ბაბო, მანქანით წაგიყვანთო, მაგრამ არ მინდა, სასაფლაოზე ფეხით უნა წახვიდე, გზაში ხომ უნდა ვიფიქრო..,
- რას ფიქრობ, ეთო?
- რადაა. მე რომ წამიყვანენ ამ გზით, თუ წვიმიანი იქნა, გაუჭირდებათ ცოცხლებს, ტალახი იქნება... აბა, მე რაი მენაღვლება, ჩემებთან მივალ და მერე ჩემებიც ჩემთან მოვლენ...
მივხვდი, ეთერას, სიკვდილშეგუებულს, მიქელ-გაბრიელი დამარცხებული ჰყავდა და შემშურდა!!!!!!!!!