გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას განცხადებით, კრიმინალის პრობლემა, ჩვენდა სამარცხვინოდ, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადების მიზეზი.
ჭანტურიას თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას და იგი იმედოვნებს, რომ გერმანიაში პრემიერ-მინისტრის დღეს დაგეგმილი შეხვედრების დროს ეს მხარდაჭერა უფრო მკაფიოდ წარმოჩინდება.
„საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს გერმანიის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათ შორის, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების დროს ეს კიდევ უფრო აშკარად და ხელმისაწვდომად გაჟღერდება ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადება არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს, არსებობს შიდაპოლიტიკური საკითხები გერმანიაში, ზოგ სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ საკითხების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში ყველა საშინაო დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულა. ეს აღიარებულია შენგენის წევრი ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, გერმანიის მიერ. ასე რომ, ამ საკითხის გადადება საქართველოს ბრალით არ ხდება. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი.
საპოლიციო თანამშრომლობა გერმანიასა და საქართველოს შორის საკმაოდ ნაყოფიერია და უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს საელჩოში გერმანიაში პოლიციის ატაშე არის დანიშნული. საპოლიციო თანამშრომლობა გერმანიასთან საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს, თუმცა, ეს პრობლემა, ჩვენდა სამარცხვინოდ, არსებობს, მაგრამ არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი", - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.