„ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრა ნიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა არავის უხსენებია და რომც თქვან, არავინ დაიჯერებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მივიღეთ ორი გზავნილი, პირველი - რასაც „ნაციონალური მოძრაობა" გვთავაზობს ახალ ამბად, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი - აბსოლუტური სისულელეა, არაფერი მსგავსი ან ამასთან ახლოს ნახსენები არ არის. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას" გრავიტაცია აქვს დაკარგული და ვერ ხვდებიან, რომ ეს არ არის მათთვის პოპულარული თემა, მითუმეტეს, რომ ტყუილია. მეორე - საკმაოდ სერიოზული ხარვეზებია ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაშვებული, განსაკუთრებით პროცედურულ საკითხებში. საუბარია საქართველოს სახელმწიფოზე, რომელმაც მსგავს პროცედურულ საკითხებზე ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას, ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ სიმპტომალურია. ეს ყოველივე ქვეყნის იმიჯზეც მოქმედებს, რადგან საკმაოდ დილეტანტურად იყო გაკეთებული, არ შეიძლება ასეთი შეცდომების დაშვება.
მერაბიშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა არავის უხსენებია და რომც თქვან, არავინ დაიჯერებს. ოფიციალურად, მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო სახელმწიფო ჯალათი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კითხვაზე, ვინ უნდა აგოს დაშვებულ შეცდომებზე პასუხი, სანიკიძე პასუხობს - „კონკრეტული უწყებები აგებენ პასუხს, სერიოზული ხარვეზებია, ეს არ არის დაქცევა, მაგრამ ხარვეზებია. თუ ევროპისკენ და ევროპული ფასეულობებისკენ მივიწევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპაში ამის მეათედი შეცდომებისთვის პასუხს თანამდებობებით აგებენ".