logo_geo
eng_logo
ხუთი სამხედრო, რომლებიც გუშინ საღამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს მკურნალობას
- +

26 მარტი. 2020. 21:54

 

 

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოთავსებულნი იყვნენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს.

 

 

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

 

 

„საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ.

 

 

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სამხედროებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებს სრულ სამედიცინო კვლევებს. ყველა ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი“, – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

 

 

მათივე ცნობით, დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

 

 

„ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ექნებათ ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გადაყვანილნი იქნებიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

 

 

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner