ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც საგნის „მე და საზოგადოება" და მასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობდნენ. ვასაძე აცხადებს, რომ საგანი არის დაკვეთილი უცხოური არასამთავრობოების მიერ.
„ჩემთვის სულერთია, კრემლს დაგვამონებენ თუ ბრიუსელს. მე მინდა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და შვილების ბედნიერი მომავალი. მეცოდება ჩვენი სამინისტრო, რადგან ორ ცეცხლს შუა არის. რაც შეგვიძლია, ჩვენ ვაკეთებთ, გაჩუმება არ შეგვვიძლია.
რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს ეს პრიორიტეტები, ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ უკეთესი განათლება, მეტი მათემატიკა, ფიზიკა, უცხო ენა, ისტორია, იმისთვის, რომ მათ კარგად ჩააბარონ უმაღლესში, იმისთვის, რომ ცხოვრებაში იყვნენ წარმატებულები. ეს საგნები მათ არაფრისთვის არ ამზადებს არც ერთ უმაღლესში ჩასაბარებლად, არც ერთი სახის პროფესიაში წარმატებისთვის. და ბოლოს, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე მორალური დიქტატის ფუნქციებს, ის ხდება ტოტალიტარული.
ისტორიის ექსპერტი კი არ არის საჭირო, რომ ეს გესმოდეს, უბრალოდ, ორი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საგანს არ მიიღებენ", - განაცხადა ლევან ვასაძემ.