logo_geo
eng_logo
ნიკა არაბიძე: თუკი ვინმე მსოფლიოში ამ გლობალურ გამოწვევას მომზადებული დახვდა, ეს ჩვენი ქვეყანაა!
- +

26 მარტი. 2020. 22:38

 

 

 

ტანსაცმელს ავტოფარეხში იცვლის და სახლში ისე შედის. შიშობს, საცხოვრებლად ძაღლთან არ გადაიყვანონ. თვლის, რომ თერჯოლა დედამიწის გულის გულია და ამას გეოგრაფიულადაც ადასტურებს.

 

როცა საკუთარი გადაცემის ჩანაწერს უყურებს, უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ ბევრი რამის გაკეთება უკეთ შეეძლო.

 

ბოლო გადაცემა სახლიდან ჩაწერა, რაც იყო ერთგვარი მესიჯი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში სახლში დარჩენა უჭირს. ოჯახისთვის მარაგს მუდმივად იძენს, თუმცა, ახლა ამის გაკეთება ცოტა რცხვენია...

 

ფრთხილობს, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების გამო.

 

„ნიკა არაბიძის შოუს“ ავტორი და წამყვანი, იუმორისტი ნიკოლოზ არაბიძე „რეპორტიორთან“ საუბრობს.

 

- ნიკა, როგორ ხარ? რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ხომ არ გეშინია?

 

- არა მიშავს. ჯერჯერობით, კორონავირუსი არ მაქვს! შიშის რა გითხრათ, რატომღაც მგონია, რომ მე არ მომეკარება, მაგრამ უფრო ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ვნერვიულობ. მაქსიმალურად ვიცავ რეკომენდაციებს. ოჯახიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ მე გამოვდივარ. უკან დაბრუნებული, ტანსაცმელს „გარაჟში“ ვიხდი, ვიბან და სახლში ისე ავდივარ. ვხუმრობ ხოლმე, იმედია, ძაღლთან არ გადამიყვანთ საცხოვრებლად-მეთქი.

 

ვცდილობ, სახლში დავრჩე, მაგრამ ჩემი სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. თუმცა, მაქსიმალურად შევამცირეთ იმ თანამშრომლების რაოდენობა, ვისი ადგილზე გამოცხადებაც აუცილებელია და ვცდილობთ, მათ დისტანციურად იმუშავონ, დანარჩენებმა კი კონკრეტული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.  

 

- ბოლო გადაცემა სახლიდან ჩაწერე, რაც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა...  

 

 

- ბოლო გადაცემა სახლიდან ჩავწერეთ, რაც იყო ერთგვარი მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ თუ ძალიან აუცილებელი არ არის, დარჩნენ სახლში და შეეცადონ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა გვთავაზობს. თუ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ძალიან მალე მივიღებთ სასურველ შედეგს და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

 

- რადგან მსგავს რეალობაში ცხოვრების გამოცდილება არა გვაქვს, ადამიანებში, არა მხოლოდ საქართველოში, გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ქვეყანას მარაგები ამოეწუროს და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. შენ თუ შეიძინე მარაგი ოჯახისთვის?

 

- გვაიმედებენ, რომ სურსათის დეფიციტი არ იქნება, თუმცა, თავიდანვე იყო ეს პანიკა ხალხში და ახლაც, როცა უკვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იგივე განმეორდა. კი ამბობენ, სუპერმარკეტები დააცარიელესო, მაგრამ მე არსად მინახავს, რომ ცარიელი იყოს მაღაზიები, ყველა პროდუქტი იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში. რაც შეეხება ტუალეტის ქაღალდს, ცოტა სასაცილოა და თან, რატომ არის ამაზე ასეთი ამბავი, მაინც ვერ გავიგე. სადაც შევდივარ, ყველგან არის ტუალეტის ქაღალდი და ნამდვილად არ მიფიქრია მისი მომარაგება. ისე, სხვა დროსაც, ორ კვირაში ერთხელ დავდივარ სუპერმარკეტში და მომაქვს მარაგი, მათ შორის, მთელი შეკვრა ქაღალდიც, მაგრამ ახლა ცოტა მრცხვენია და ბევრი რაღაცის აღება რომც მინდოდეს, მართლა ვერ ვიღებ. ხალხმა არ იფიქროს, რადგან ნიკა ამდენ პროდუქტს იმარაგებს, მაგას რაღაცა ეცოდინება და ნამდვილად რაღაც ხდებაო...  

 

 

- ხშირად ფიქრობენ ხოლმე, ნიკას „რაღაც“ ეცოდინებაო?  

 

- შეიძლება ფიქრობენ, იმიტომ, რომ მართლა მეკითხებიან ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე, გვითხარი აბა, რა ხდება, შენ ნამდვილად გეცოდინებაო. ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, გვაქვს შეხება პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგნელებთან და ალბათ ფიქრობს ხალხი, რომ ყველა საკითხში ვერკვევი.

 

- ნიკა, ბავშვობაში როგორ უმკლავდებოდი ხოლმე სიცხეს და გაციებას, რაიმე ხალხური მეთოდი ხომ არ იცი ვირუსის დასამარცხებლად?

 

- რაღაც ხალხური მედიცინის მეთოდები იცის დედაჩემმა, ბებიამაც იცოდა, რითაც მმკურნალობდნენ ხოლმე, წამლის გარდა. ბავშვობაში, როცა სიცხე მქონდა, დედა ან ბებია მაცმევდა ძმრიან წინდებს, მასმევდნენ ალუბლის ან შინდის მურაბიან ჩაის და ლოგინში ჩაწოლას მაიძულებდნენ, მაგრამ მე მაინც ჩემს ჭკუაზე დავტანტალებდი.

 

- ანუ დაუმორჩილებელი ბავშვი იყავი?

 

- მთლად ასეც არ ყოფილა. ზოგიერთ რამეს მაბრალებდნენ ხოლმე... პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ დედამიწის ცენტრის ცენტრში დავიბადე და გავიზარდე. თერჯოლაში, ნახშირღელე-სიმონეთის საზღვარზე გადის სწორედ დედამიწის ცენტრის ცენტრი.

 

- ეს ვინ დაადგინა?

 

- საქართველო რომ არის დედამიწის ცენტრი, ამაზე ხომ ვართ შეთანხმებული? იმერეთი არის რეგიონი, რომელსაც ირგვლივ საქართველოს გარდა, არც ერთი სხვა ქვეყანა არ ესაზღვრება. ანუ იმერეთი საქართველოს შუაგულშია. თერჯოლა კი არის რაიონი, რომელსაც მხოლოდ იმერეთი ესაზღვრება. ანუ ცენტრის ცენტრია, დედამიწის გულის გულია თერჯოლა. მე გეოგრაფიული დადასტურება მაქვს ამის და ვერავინ მედავება.

 

- საინტერესო მოსაზრებაა. სკოლაშიც უდავოდ ინიციატივიანი მოსწავლე იქნებოდი... 

 

- ინიციატივის რა მოგახსენოთ, მაგრამ 5 წლისაც არ ვიყავი, როცა სკოლაში სიარული დავიწყე. დედა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი იყო და როცა ჩემი უფროსი ძმა სკოლაში შეიყვანა, მე პროტესტის ნიშნად ბაღში არ შევედი, დავიწყე ძმასთან და დედასთან ერთად სკოლაში სიარული, თან ისეთი მოწადინებული ვიყავი, ჩემი ძმის ჩანთაც მე დამქონდა. ასე რომ, ვიდრე სასკოლო ასაკის გავხდებოდი, სკოლაში მანამდე დავდიოდი.

 

როგორც მასწავლებლის შვილს, ძირითადად, პირველ მერხთან ჯდომა მიწევდა და დაფასთანაც ხშირად მიძახებდნენ, თუმცა „მასწავლებლის შვილობა“ ჩემთვის და ჩემი ძმისთვისაც, უფრო ტვირთი იყო, ვიდრე პრივილეგია. მაგალითად, ჩემი ძმა მედალზე ამთავრებდა სკოლას და დაუჯერებელია, მაგრამ დედაჩემმა არ ააღებინა, არავინ თქვას, რომ მასწავლებლის შვილს მისცეს ოქროს მედალიო. იმ დროს, ხომ იცით, მედალი რასაც ნიშნავდა?

 

თუ რამე მოხდებოდა სკოლაში, დაფას ჩამოვაგდებდით, რუკას გავხევდით თუ მაგიდას გადავაყირავებდით, - აბა, ადექი, არაბიძე! ვიყავი თუ არა დამნაშავე, ყველას მაგივრად მაინც მე უნდა ავტუზულიყავი კუთხეში, როგორც „მასწავლებლის შვილი“, არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მაგრამ ხომ იცით,- მეტი მომეთხოვებოდა და იმიტომ!

 

გაკვეთილიდანაც პირველად დედაჩემმა გამაგდო. არც კი ვიცოდი, სად წავსულიყავი... ამ შემთხვევაშიც უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ მაინც დავისაჯე.

 

- ახალი სეზონიდან გადაცემის წამყვანი გახდი, რაც ალბათ ახალი გამოწვევა იყო შენთვის. ხომ არ გაგიჭირდა?

 

- მართალია, დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ, მაგრამ როცა პროფილს იცვლი, ეს თავისთავად მღელვარებასთან არის დაკავშირებული. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი გუნდი მყავს და თუ გადაცემა კარგი გამოდის, ეს ყველას დამსახურებაა, ახალი პროფილი ჩემთვის მაინც საინტერესო გამოწვევაა. მღელვარება, თავისთავად, ყველა გადაცემას ახლავს, პირველს, - მით უფრო! მე მაინც ყველა გადაცემაში ვხედავ ისეთ ნიუანსს, რაზეც ვფიქრობ, რომ უკეთესად შემეძლო გამეკეთებინა. ჩემს ყველა გადაცემას კრიტიკის თვალით ვუყურებ და ვთვლი, რომ თუნდაც ხუმრობა, შემეძლო უკეთესად მეთქვა.

 

 

- გადაცემაში გაქვთ რუბრიკა „დაასრულე რეპლიკა“, საიდანაც საინტერესო კომენტარებს კითხულობ ხოლმე, თუმცა, უკმაყოფილო ავტორებიც მრავლად გყავს, რომლებიც ვერანაირად გაწონებენ თავიანთ კომენტარს... 

 

- ძალიან ბევრი კომენტარი მოდის და, რა თქმა უნდა, ეთერში ყველას ვერ წავიკითხავთ. ვარჩევთ ხოლმე საშუალოდ 10 კომენტარს და ვცდილობთ, ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს, ზოგიერთს მოწონებების რაოდენობის მიხედვითაც ვირჩევთ. ზოგჯერ იმასაც ვკითხულობ, როცა მწერენ, სასაცილო ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ მაინც წაიკითხე რა, გაფიცებ ყველაფერსო. თუმცა, ვინც უკმაყოფილოა, მინდა დავამშვიდო, თუ კორონამ ისე არ შემოგვიტია, რომ მთლად არ დავხურეთ გადაცემა, ეს რუბრიკა კიდევ დიდხანს გვექნება. ასე რომ, მოგვწერეთ სასაცილო კომენტარები, დანარჩენი - ჩვენ ვიცით!  

 

- როგორ შეაფასებდი მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს. როგორ ფიქრობ, რამდენად მომზადებული შეხვდა ჩვენი სახელმწიფო ამ გლობალურ გამოწვევას?  

 

- თუკი ვინმე მსოფლიოში ამ გამოწვევას მომზადებული დახვდა, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ჩვენი ქვეყანაა! გვინდა თუ არა, დღეს ყველგან ამ საკითხზე ვსაუბრობთ და ყველა ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი იმავე აზრისაა. უკმაყოფილო არაფრით შეიძლება ვიყოთ. ის მდგომარეობაც, რაც დღეს გვაქვს, თითოეული ადამიანის გაუფრთხილებლობის ბრალია, რაშიც მთავრობას და მით უმეტეს, ექიმებს ვერ დავადანაშაულებთ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მოწოდების სიმაღლეზე დგანან!

 

ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩემი აზრით, თითოეულ ჩვენგანზე, კონკრეტული ადამიანების მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზეც დიდწილადაა დამოკიდებული. ორი კვირა კარანტინში ვერ ვჩერდებიო, რომ ამბობ, 15 წელი რომ აქვს მისჯილი ადამიანს, იმან რაღა უნდა თქვას? თუ არ ემორჩილები მთავრობის რეკომენდაციებს, ამით, პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის წევრებს და იმ ადამიანებს აყენებ საფრთხის ქვეშ, ვინც გიყვარს და მე რომ არ მომიფრთხილდე, სულაც არ არის გასაკვირი! ამიტომ, მინდა ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად დაემორჩილონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ყველა რეკომენდაციას და მოწოდებას, რომელიც ისევ და ისევ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად არის მიმართული.  

 

 

- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა თვითიზოლაციაში ან კარანტინშია, ან თუნდაც დაავადებულია ვირუსით და მკურნალობს?

 

- პირველ რიგში, მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს ვირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოს დაგვატყდა თავს, ალბათ ერთი წლის მერე, ჩვეულებრივ გრიპად ჩაითვლება და მეტი არაფერი! იმ ადამიანებს კი, ვინც ახლა მკურნალობს, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება, ვეტყოდი, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება! ღმერთის წყალობით, იმედია, არც არავინ დაიღუპება ამით ჩვენს ქვეყანაში, ჯანმრთელები დაუბრუნდებით ოჯახს და საზოგადოებას ძალიან მალე! ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან კი, ყველანაირად ვეცდებით, თქვენს გვერდით დავდგეთ და გაგამხნევოთ. ასე რომ, არ შეშინდეთ, ჩემო მეგობრებო! ეს დროც გაივლის!.. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner