logo_geo
eng_logo
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს სექტემბერში გურია უმასპინძლებს
- +

15 ივნისი. 2016. 12:28


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში  პრესკონფერენცია გაიმართა. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. ფესტივალი „Check in Georgia"-ს ფარგლებში ოზურგეთსა და შეკვეთილში,  1, 2 და 3 სექტემბერს გაიმართება.


პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ქვეყნების მონაწილეობას ფესტივალში.

 

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და თურქეთის ანსამბლები. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ - 1 და 2 სექტემბერს,  ქართველი და უცხოელ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს, 3 სექტემბერს კი გალა ღონისძიება გაიმართება შეკვეთილში, ახალგახსნილ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena", რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია.

 

ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპისთვის ეს არის ძალიან დიდი შედეგი და  დიპლომატიური კორპუსის მხრიდან დღეს არსებული თანადგომა  ხელს შეუწყობს ფესტივალისთვის ყოველწლიური ხასიათის მიცემას და შემდეგ წლებში მეტი ქვეყნისა და ფოლკლორული ანსაბმლის დაინტერესებას. აღნიშნული პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნების დაახლოებას: მსოფლიო მასშტაბით ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოპულარიზაციას, ასევე ქართველი მსმენელისთვის უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების უკეთ გაცნობას. ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი მიზანი: ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა", - აღნიშნავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

 

„კულტურის სამინისტროს არაერთხელ გაუჟღერებია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფოლკლორი და ხალხური ხელოვნება ერთერთი პრიორიტეტი არის ჩვენთვის და მე მინდა წარმატებები ვუსურვო ამ პირველ გამოშვებას და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება გახდება", - განაცხადა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.


„Black Sea Arena"-ს ღონისძიების ხელმძვანელი ანი კავლელიშვილი კი იმედოვნებს, რომ ის 10000 მაყურებელი, რომელსაც იტევს „Black Sea Arena", აუცილებლად დაესწრება და ფესტივალის დახურვა გაცილებით უფრო გრანდიოზულად აღინიშნება, ვიდრე საერთაშორისო ფესტივალები ახერხებენ ამას. მისი განცხადებით, ეს არაჩვეულებრივი დარბაზი და მისი მიზანი მთლიანად მოემსახურება რეგიონის განვითარებას, რეგიონში ქართული კულტურის განვითარებას და ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმს, რომელიც ამ რეგიონს ნამდვილად სჭირდება.

 

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ადგლობრივი მუნიციპალიტეტისა და „Black Sea Arena"-ს  მხარდაჭერით გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner