რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ლევან ვასაძე პასუხობს. ბიზნესმენის შესახებ გაკეთებულ შეფასებას ვასაძე თავხედობას უწოდებს.
გთავაზობთ ამონარიდს საგაზეთო ინტერვიუდან:
„დასაწყისისათვის დავეთანხმებოდი ლევან ბერძენიშვილს და ვეტყოდი, რომ მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი! თუმცა, ლიბერი მართლა არის გარყვნილებისა და ლოთობის ცრუ ღმერთი და ლიბერალები აწი უნდათ, ახტნენ და უნდათ - დახტნენ. იგი ცერერასა და ლიბერასთან ერთად ავენტინურ ტრიადას შეადგენს, რომელიც პლებეებს ავენტინის მთაზე ჰყავდათ გაღმერთებული, პატრიციების კაპიტალიური სამეულის: იუპიტერის, იუნონასა და მინერვას საპირისპიროდ დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში. ლიბერის კულტი საკმაოდ გავრცელებული იყო, უპირატესად ელინიზებულ იტალიაში, მის რომთან შეერთებამდე. ლიბერი ბრბოს ფალოსური მასკარადებისა და ორგიების ობიექტს წარმოადგენდა და ზოგჯერ დიონისეს და ბაკქის (ბახუსის) პროტოტიპად ითვლება, თუმცა, არც ესაა ცალსახად დადგენილი.
საერთოდ, როდესაც წარმართებს მათი კერპის რაობას მშვიდად განუმარტავ, იციან ხოლმე გადარევა და პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა. მათ ხომ მიაჩნიათ, რომ ჩვენი ერისა და ქვეყნის მთავარი რელიგია მუდმივად უნდა შეურაცხყონ და აგინონ, პასუხი კი არასოდეს მიიღონ.
ლევან ბერძენიშვილის ნატვრამ კი, რომ მისი სტუდენტი ვყოფილიყავი, რათა პირველი კურსიდან გავერიცხე, ლედი ნენსი ასტორი გამახსენა, რომელმაც უინსტონ ჩერჩილს უთხრა - მე რომ თქვენი ცოლი ვყოფილიყავი, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდითო, რაზეც ჩერჩილმა უპასუხა - თქვენ რომ ჩემი ცოლი ყოფილიყავით, მაგ ყავას სიამოვნებით დავლევდიო. თუმცა, ეჭვი მეპარება, ლევან ბერძენიშვილს იმ სახელმძღვანელოების წაკითხვაც კი შეძლებოდა, რომლებითაც მე მინერალოგიას, სტრუქტურულ გეოლოგიას, სეისმოლოგიას, ელექტროძიებას, სტატისტიკას და კორპორაციულ ფინანსებს მასწავლიდნენ საქართველოსა და აშშ-ში.
საერთოდ, ლიბერასტების პრეტენზია მეწიგნურობის მონოპოლიაზე ხომ ცნობილია, ისინი ეკლესიას უხსნიან ბიბლიას და რაღა გასაკვირია, ბერძენიშვილი ალეწილიყო იმით, რომ მე მისი სპეციალობის სფეროდან ციტატები მოვიყვანე. მას ხომ ჩვენს გაუნათლებელ ლიბერასტებთან თავი დიდ ექსპერტად მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამეცნიერო გასაქანი ფუნდამენტურად არავითარ ფასეულს არ წარმოადგენს ქართული მეცნიერებისათვის. რაც შეეხება ამხანაგი ბერძენიშვილის (და საერთოდ, ლიბერალების) ინსინუაციებს ჩემს „შეკრულობაზე" კრემლთან, ეს სასაცილოც კი აღარაა იმ ადამიანისაგან, რომელიც ვრცელ და ღრმა მონანიებასა და ანგარიშებს სწერდა „კაგებეს" და რომელთა ტექსტების ნაწილიც საჯაროდაა ჩვენთვის ცნობილი.
ხვალ რომ აქ კრემლმა განდევნოს თეთრი სახლი, ისევ ლევან ბერძენიშვილი და „ამ ყაიდის" არსებები იქნებიან მისი ქამელეონი მონები. ეგ ეწვის ლევან ბერძენიშვილს და არანაირ პირად შეურაცხყოფასა და დემაგოგიას არ იშურებს პოლიტიკური სამარის პირზე მდგომი.
მაგრამ მთელ მის ამ უკბილო და გესლიან აბზაცში ყველაზე სასაცილო, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ლევან ბერძენიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით. ეგ იგივეა, რომ მე იმ მამათმავლების სახელით ვილაპარაკო, რომელთა დროშასაც აფრიალებდა ამასწინათ პარლამენტში ეგ „ქართველი ხალხის ნების გამომხატველი" პარლამენტარი.
ბოლოს, შენდობას ნამდვილად ვერ ვთხოვ, მაგრამ მადლობას კი მოვახსენებ ამ შეურაცხყოფისათვის, მოხარული ვარ, რომ ასეთი ხალხი მლანძღავს", - განაცხადა ვასაძემ.
ლევან ბერძენიშვილმა ვასაძის შესახებ განაცხადა: „საქართველოს ახლა ახალი იდეოლოგი მოევლინა ლევან ვასაძის სახით, რომელიც გვიხსნის, თუ რა არის ლიბერი, რა არის ლიბერი ავენტინური... რომელიც (ლევან ვასაძე) ჩემი სტუდენტი რომ ყოფილიყო, პირველ კურსზე გაირიცხებოდა. ისეთი სისულელეების ტირაჟირებას ახდენს იმ სფეროში, სადაც აბსოლუტურად არაფერი გაეგება. ავენტინური და ლიბერი კი არა, საერთოდ ხომ შეიძლება, რაღაც იცოდეს კაცმა? მაგრამ ეს ამ ყაიდისგან ჩვეულებრივი რამ არის. კარასინი და პუტინი ვერ ცვლიან ქართველი ხალხის განწყობას, ქართველი ხალხის განწყობა არის ევროპისკენ!" ბერძენიშვილს არც დავით ზურაბიშვილი ჩამორჩა, რომელმაც განაცხადა: „ადამიანს, რომელიც ლიბერალიზმის დამარცხებას აპირებს და ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ტოლერანტობა", „შემწყნარებლობა" და „გენდერი", ესმის, როგორც „გაპიდარასტება", იმის ახსნა კი არ უნდა დაუწყო, რომ ეს ასე არ არის, არამედ ძალიან დამაჯერებლად უნდა განუმარტო, რომ არც ტოლერანტობა ასცდება, არც შემწყნარებლობა და არც გენდერი. ხოლო ლიბერალიზმს „ფეხებსაც ვერ მოსჭამს!"