„Check in Georgia"-ს ფარგლებში „ჰით ბათუმი 2016" დაიწყო, რომელიც „ფოლკლორის დღეებით" 6 ივნისს გაიხსნა. დღეს, 15 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან ზღვისპირა ქალაქელებისა და მათი სტუმრების წინაშე ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი"კონცერტით წარსდგება.
„ფოლკლორის დღეებზე" კონცერტებს გამართავენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები" ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.
ხვალ, 16 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადები ზუგდიდის ფოლკლორს დაეთმობა და მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ოდოია" და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩელა" წარსდგებიან. მნიშვნელოვანია, რომ ერთი კვირის განმავლობაში „ფოლკლორის დღეების" ფარგლებში ზღვისპირა ქალაქში კონცერტები გამართეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ქობულეთი" და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურია".
„ფოლკლორის დღეებში" ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი" და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები.
„უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს",- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.
„საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016" როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით" დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა" გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016" ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მნიშვნელოვანი საღამო გველის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში და კონცერტებში რეგიონში თბილისური ანსამბლების ჩართვა", - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი" შეიქმნა 2011 წელს და შედგება 15 წევრისგან. ჯგუფი ერთადერთია თბილისში, რომელიც წარმოშობით რაჭველები ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ჯგუფის ძირითად საქმიანობას და მიმართულებას წარმოადგენს მივიწყებული რაჭული ფოლკლორის აღდგენა და პოპულარიზაცია იმ საშემსრულებლო მანერითა და ტრადიციით, როგორც ყოფაში სრულდებოდა. „ძირიანის" რეპერტუარი ეფუძნება როგორც ძველ საარქივო ჩანაწერებს, ასევე ხელმძღვანელის მიერ ფოლკლორისტულ ექსპედიციებში მოპოვებულ ახალ მასალებს. ჯგუფი ძველ, მივიწყებულ რაჭულ სიმღერებსა და ცეკვებს რაჭული ყოფისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჭიანურით, სტვირით, დაირისა და გარმონის თანხლებით ასრულებს
„ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. გასულ წელს ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი „ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ „Check in Georgia"-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, „ფოლკლორის დღეებს" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.