“დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ, გახარებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ვერ წარმოიდგენ, წესი როგორ არის დაცულიო. ეზოში ადგილები არის დანომრილი, ვინ სად უნდა იდგესო. ეს ადამიანები, მორწმუნე მრევლი იცავს იმას, რაც ეკლესიამ, პატრიარქმა მოუწოდა,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ საპატრიარქოზე და ქართულ ეკლესიაზე. „მქონდა ბედნიერება, რომ ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე ვწვეოდი მის უწმინდესობას და მესაუბრა მასთან და ჩვენს მღვდელთავრებთან ყველა იმ სირთულეებზე, იმ საშიშროებაზე, რაც არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ამ სიტუაციაში გამოსავალი სოციალური დისტანციის დაცვაა.
„თქვენს ტელევიზიაში მოიკითხეთ იგივე და ყველა ჩვენს სამსახურში, ახლა, რამდენი ადამიანი მუშაობს დისტანციურად?! ყველა ჩვენს დაწესებულებაში და ოჯახში ვიცავთ იმ წესებს, რასაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ორი თვე გავიჭირვოთ მეგობრებო, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფები სახლებში ვიყოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.