“სკოლის ასაკში ფიზიკა-მათემატიკით ვიყავი გატაცებული და არაფრით მინდოდა მედიცინა,” - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თმით, მისი მშობლები ექიმები იყვნენ და მათი რჩევით, ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. „შემდეგ ეს არ მინანია და მათი მადლობელი ვიყავი, რადგან ვნახე, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც შეიძლება შეეხო“, - აღნიშნა მან.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, თითოეული გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლისთვის, ან თითოეული ზუსტად დასმული დიაგნოზისთვის, ექიმს დაახლოებით ის განცდა ეუფლება, რაც სავარაუდოდ, დეტექტივს, სერიოზულ საქმის გახსნისას, ან სპორტსმენს, როდესაც ის დიდ გამარჯვებებს აღწევს.
„ასე რომ, ადრენალინი დიდი დოზით არის ექიმის პროფესიაში, მით უმეტეს, თუ აქტიური ექიმი ხარ. ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდია ეს ადრენალინი ჩვენ დარგში, ინფექციურ დაავადებათა დარგში, სადაც ხშირად გიხდება შეხება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან. ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ, მათ შორის, ძალიან მძიმე სიტუაციაში და ალბათ, ზევით ნახსენები მიზეზები იძლევა იმის ძალას, რომ ასე ვიყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.