შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი „გოლდის“ მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.