სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ეს არის ერთადერთი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს. გვექნება საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, რაც ნიშნავს გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად.