პოლიცია ეჭვობს, რომ გერმანიის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა. ასეთი ეჭვი სამართალდამცველებს იმ ფაქტმა გაუჩინა, რომ ტომას შეფერის ცხედარი ვაისბადენთან, მატარებლის ლიანდაგებზე იპოვეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი იდენტიფიცირება თავდაპირველად ვერ მოახდინეს.
გამოძიებას მინისტრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებმა მიაწოდეს. სამართალდამცველების განცხადებით, ტომას შეფერის იდენტიფიცირების შემდეგ მათ ეჭვი სუიციდზე აქვთ, თუმცა დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებენ.
გერმანული მედიის ცნობით, პოლიტიკოსმა გარდაცვალებამდე ჩანაწერი დატოვა. ამ ინფორმაციას Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მიხედვით, ჩანაწერში ნაჩვენებია მიზეზი, რის გამოც მინისტრმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
მედიის ცნობით, 54 წლის მინისტრი საზოგადოებაში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ჩანდა. მისი მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ხალხის ინფორმირება იყო.