ლეგენდარული ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე რაგბის ემშვიდობება. ამის შესახებ 35 წლის სპორტსმენმა გადაცემაში „სპორტი იმედზე” ისაუბრა.
საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბთან, „ტულონთან” გორგოძეს კონტრაქტი მიმდინარე წლის სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი ამოწურვისთანავე კარიერას დაასრულებს.
გადაცემისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბორჯღალოსნების ყოფილმა კაპიტანმა საკუთარი აზრი კორონავირუსზეც გამოთქვა და ქართველ ხალხს საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
2003 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გორგოძემ 75 შეხვედრაში 135 ქულა მოუტანა და მინიმუმ ერთი ლელოს დადება სამ მსოფლიო თასზე შეძლო.