ავტორი ნონა ქარქაშაძე
არის თუ არა ყველა ტაძარი მზად საქართველოს საპატრიარქოს მიერ მითითებული რეკომენდაციების განსახორციელებლად; როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კვირა დღის ხალხმრავლობა ეკლესიებში; აქვს თუ არა ყველა ტაძარს იმის საშუალება, რომ მრევლმა წირვა-ლოცვას მოუსმინოს ტაძრის გარეთ?! - საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „რეპორტიორთან“ საუბრობს.
- იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, საპატრიარქომ კურთხევა მისცა მრევლს, იარონ ცალ-ცალკე წირვა-ლოცვაზე, დაიცვან სოციალური დისტანცია. ითვალისწინებს თუ არა უკვე მრევლი ამ მითითებებს?
- ყველაზე მეტი ხალხი მსახურებაზე კვირა დღეს მოდის. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი დღეც არ იყო დარჩენილი პირველი კვირა დღის მსახურებამდე და მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი მომზადების დრო არ იყო, ეკლესიაში მოსულმა ადამიანებმა და მოძღვრებმა საკმაოდ კარგად შეძლეს ორგანიზება იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო აუცილებელი რეკომენდაციები. მეორე კვირის მსახურებისათვის გაცილებით მეტი მოესწრება.
- რადგან დიდი მარხვის პერიოდში ყოველდღიურად სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, ეს ალბათ გაამარტივებს მრევლის გადანაწილებას ტაძარში ყოველდღიურად?
- სინოდის მიერ მიღებული განჩინების ფარგლებში, რამდენიმე დღეშივე საპატრიარქომ უკვე სავალდებულო რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურებმა უნდა უზრუნველყონ კვირის დღეებზე გადანაწილება მრევლისა, რომ კვირა დღეს ხალხმრავლობა თავიდან აცილებულ იქნეს.
- საპატრიარქო აძლევს ტაძრებს რეკომენდაციას, მოახდინონ რადიოფიცირება, მონიშნონ ტაძარსა და ეზოებში დისტანციის დამცავი ნიშნები და ღვთისმსახურება ჩაატარონ შეძლებისდაგვარად ღია ცის ქვეშ. იქნება თუ არა გათვალისწინებული ეს ყველა ტაძარში და არის თუ არა ხელმისაწვდომი ყველა ტაძრისთვის მისი განხორციელება, კონკრეტულად, აქვს თუ არა ყველა ტაძარს ხმის გამაძლიერებლები და იმის საშუალება, რომ მრევლმა წირვა-ლოცვას მოუსმინოს ტაძრის გარეთ?
- ტაძრების ერთ ნაწილს ისეც ჰქონდა რადიოფიცირება გაკეთებული, დანარჩენ ნაწილში კი ეს უკვე მიმდინარე კვირაში განხორციელდა. ტაძრების იმ ნაწილს, რომელიც წირვის მსახურებას ღია ცის ქვეშ შეძლებს, შეიძლება რადიოფიცირება არც დასჭირდეს. რაც შეეხება ნიშნულებს, ვიცით, რომ ტაძრების უმრავლესობამ ამაზე უკვე იზრუნა.
- მოახერხა თუ არა დღეისათვის უკვე ყველა ტაძარმა დეზინფენქციის ჩატარება თუ ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს?
- სადეზინფექციო ხსნარს ტაძრებისთვის საპატრიარქო უკვე უსასყიდლოდ გასცემს. ჩვენ ვურეკავთ ტაძრების წინამძღვრებს და ვახსენებთ, რომ დეზინფექცია ხშირად ჩატარდეს, სადეზინფექციო ხსნარის ასაღებად კი, შეუძლიათ მიაკითხონ საპატრიარქოს.
- საპატრიარქოს კურთხევით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, შეუძლიათ, შინ დარჩნენ და თვითონ მივა მოძღვარი. ასეთი ადამიანების დახმარების ფარგლებში რა ღონისძიებების გატარება შეუძლია ეკლესიას და არის თუ არა უკვე ორგანიზებული ჯგუფი მათ დასახმარებლად?
- ეს ინდივიდუალურად მოხდება. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანმა, სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართოს საკუთარ მოძღვარს, რომელიც მასთან ადგილზე მივა.
- სოციალურ ქსელში წერთ - „მეჩვენება, რომ მორწმუნეთა დევნის კამპანია დაიწყო“... იქნებ განგვიმარტოთ, კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- რამდენიმე წელია განსაკუთრებული გაცხარებით მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია, ყველა იარაღი იქნა გამოყენებული, ციანიდიდან დაწყებული, ვირუსით დამთავრებული. ბევრჯერ განვმარტეთ, რომ 25 მილიონი განათლებაში იხარჯება და რეალურად, სანიმუშო სკოლები გვაქვს; მდიდარ სამღვდელოებაზე საუბრობენ და კვლევა რომ ჩავატაროთ, გამოჩნდება, რომ რეალურად სასულიერო პირების სოციალური და ეკონომიური ნიში საკმაოდ დაბალია. პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით მუშაობს და აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს, რომ თითქოს, ეკლესიაზე დიდი მტერი ხალხს და ქვეყანას არ ჰყოლია...
- „ეკლესია მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანა ამ საფრთხისგან დაიცვას“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. თქვენ პირადად, სად ხედავთ ყველაზე დიდ საფრთხეს და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ზოგადად ქვეყანაში, მძიმე შედეგების თავიდან ასარიდებლად?
- ყველაზე დიდი საფრთხე იქნებოდა ჩვენივე უპასუხისმგებლობა და ერთმანეთის მოუფრთხილებლობა ყოფით ცხოვრებაში. გაუტანლობა და სიძულვილი სულიერი ვირუსებია, ეს უსიყვარულობაა, რაც ძალიან გვაზიანებს. თუ არ გვექნება მეტი სოლიდარობა, გაგვიჭირდება შეთანხმებულად მოქმედება. უსიყვარულო ადამიანებს ღმერთი ნაკლებად მიხედავს, საბოლოო ჯამში კი ვირუსიც და მისგან განკურნების ნებაც უფლის განგებულებაშია.
- გავრცელდა ახალი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რაც დაკრძალვის წესს ეხება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვლება. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს რეკომენდაციები რაღაც თვალსაზრისით ქრისტიანულ სწავლებას?
- რასაც გავეცანი, იქ არაფერია ისეთი, მოძღვრებასთან წინააღმდეგობაში რომ მოდიოდეს.
- დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას, როგორ გაამხნევებდით, რას მოუწოდებდით?
- უნდა ვიშრომოთ, უნდა ვიფრთხილოთ, გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები, ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხსნა, მაგრამ ამავდროულად, უნდა ვილოცოთ. ღვთისმსახურება აღვავლინოთ ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენს ლოცვაზეა დამოკიდებული ყველაფერი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ღმერთმა არ ინება, ადამიანის ყოველი მცდელობა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს.
„თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“ (ფს.126.1).