logo_geo
eng_logo
„სიმართლე უნდა თქვა, მაგრამ ადამიანი არ უნდა მოკლა!“ - ნინო ჯღარკავამ ახალი მედიაპლატფორმა დააარსა!
- +

31 მარტი. 2020. 15:21

 

 

ქართულ მედიასივრცეში კიდევ ერთი ახალი ინტერნეტ-პორტალი xnews.ge გამოჩნდა. სააგენტომ, რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაა, სულ რამდენიმე დღეში, მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

ჟურნალისტის მთავარი მიზანია, საზოგადოებას მედიის მიმართ ნდობა დაუბრუნოს და განსხვავებული პლატფორმა შესთავაზოს.

კონკრეტულად რა სიახლეებს გაეცნობა მკითხველი xnews.ge-ზე, ნინო ჯღარკავა „რეპორტიორთან“ განმარტავს: 

 

- სააგენტო ჩემთვის უცხოა, რადგან ტელეჟურნალისტი ვარ, მაგრამ მიმზიდველიც არის იმ მხრივ, რომ ახალი გამოწვევაა. სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ვარ და ის, რომ ვიყავი ერთ-ერთი კორპორაციის პიარი, სულაც არ მიშლიდა ხელს, მქონოდა სკანდალური პოსტები და ექსკლუზივები. ამიტომ გადავწყვიტე, სააგენტო დამეარსებინა და ჩემი პოზიცია ამ სახით გამომეხატა. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდებოდა, მაგრამ იმ რთულმა პერიოდმა, რის წინაშეც აღმოვჩნდით, ჩემში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა და ჩავთვალე, რომ სწორედ ახლა იყო ამის დრო და შესაფერი სიტუაცია. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, რომლებიც ასევე ჩემი პარტნიორები არიან, ჯერჯერობით ენთუზიაზმზე, დავაარსეთ სააგენტო xnews.ge.

 

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართულ მედიასივრცეში უამრავი სააგენტო არსებობს, კონკურენციაც მარტივი არ არის. რა იქნება თქვენი პრიორიტეტი?

 

- პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკა, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ჩემი სააგენტოს ნიუსები აიგოს ჭორებზე, პოსტებზე და ტყუილ-მართალზე. ეს იქნება ძალიან აკადემიური მიმართულება, სადაც გაშუქდება მწვავე და აქტუალური თემები, მაგრამ თითოეული ინფორმაცია აუცილებლად იქნება გადამოწმებული და ჩემს მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ მასალაზე ვაგებ პასუხს.

 

- სკანდალური ჟურნალისტის სახელი გაქვთ. თქვენი პორტალის მკითხველსაც, სავარაუდოდ, მსგავსი ინფორმაცია არ მოაკლდება...

 

- სკანდალური ჟურნალისტის სახელი მაქვს, ალბათ, იმიტომ, რომ გამოვირჩეოდი რადიკალიზმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ საქმეებზე საუბრისას! „ობიექტივიდან“ მომყვება ეს ნიში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო აკადემიურ სამსახურში გადავედი. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ სკანდალური ვარ, იმიტომ, რომ არ მსიამოვნებს ჩემი სახელის ზედმეტად ხსენება, ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვმუშაობ ამაზე. პირიქით, ყოველთვის ძალიან განვციდი ყოველ ფრაზას და ჩემს მიმართ ნასროლ ტალახს, რასაც ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე.  

 

ჯერჯერობით, სულ ორიოდე დღის შექმნილმა სააგენტომ მოახერხა ის, რომ უკვე 2 ძალიან სერიოზული ფაქტი დავდე. ერთი შეეხებოდა ლუგარის ლაბორატორიას. ვიცით, რომ სააკაშვილი იბრალებს, ეს ლაბორატორია მე და ჩემმა მეგობარმა ლუგარმა დავაარსეთო, მაგრამ მე პირდაპირ ამოვიღე მასალა და გამოვაქვეყნე ოქმის ჩანაწერი, თუ როგორ შედგა მოლაპარაკება და ვინ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. ცნობილია, რომ ხელშეკრულებაზე ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერაა, მაგრამ მე ეს ყველაფერი დოკუმენტის სახით დავდე და ეს არ იყო პატარა თემა.

 

ასევე, დავდეთ ფაქტის სახით ერთ-ერთი სამხედრო პირის ინფორმაცია, რომელიც ამჟამად ერაყში იმყოფება და ბაზაზე მუშაობს, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილი პაატა იმნაძეს ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, რათა ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა შეჩერებულიყო და სწორედ ამ მიზეზით, აპირებდნენ პაატა იმნაძის დაკავებას. დაიჭერდნენ კიდევაც, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რომ არ გადაერჩინა. ეს იმნაძემაც ახსენა ერთ-ერთ გადაცემაში, თუმცა, არ უთქვამს, რის გამო ავიწროვებდა მას ყოფილი პრეზიდენტი...

 

ვიცი, რომ თაკო ჩარკვიანს კარგი ურთიერთობა აქვს თქვენი სააგენტოს გენერალურ დირექტორთან და ასევე ჩემს მეგობართან გიორგი მამაცაშვილთან და ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენთან, ახლა, თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებულ ჩემს მორიგ სკანდალზე არ ვისაუბრებ... არც გიორგის ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში და არც საკუთარ თავს მივცემ ამის უფლებას! უბრალოდ, ერთს ვიტყვი მხოლოდ: თაკო ჩარკვიანს შეუძლია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და თუკი სურვილი ექნება, ჩვენ მივცემთ მას ამის საშუალებას... მე არავის არაფერს მოვუგონებ! გამორიცხულია! ასეთი პოზიცია მაქვს და მექნება!

 

ჩემს ინფორმაციას ნამდვილად აქვს სანდოობის მაღალი ხარისხი და ეს არც ისე ცოტა ადამიანმა იცის, რაც თუნდაც ჩვენი მუშაობის რამდენიმე დღემაც დაადასტურა.

 

ამიტომ ვთვლი, რომ  რასაც ზოგიერთ სააგენტო ორი წლის განმავლობაში ახერხებს, მე ის უკვე ორი-სამი მასალით შევძელი! მსგავსი საგამოძიებო ხასიათის მასალები და ჟურნალისტური გამოძიებები აუცილებლად გვექნება სხვადასხვა თემატიკაზე.

 

- ნინო, ცნობილია, რომ ხართ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. ეს ხელს არ შეგიშლით იმაში, რომ გამოცემის ობიექტური ხელმძღვანელი იყოთ?

 

- თუ ჩამივარდება მასალა ნებისმიერ მათგანზე, „ოცნების“ მინისტრი იქნება ეს თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, არ ვაპირებ, ვინმეს ხელი დავაფარო. თუმცა, სრულ ობიექტურობას ალბათ ვერ დავიბრალებ, იმიტომ, რომ სრულიად ობიექტური არავინ ვართ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მივდივართ არჩევნებზე და ვიღაცას ვირჩევთ.  ყველა მეტ-ნაკლებად სუბიექტური ვართ, რადგან ვირჩევთ იმას, ვინც მოგვწონს, ვინც გვინდა, რომ იყოს ხელისუფლებაში. თუმცა, ეს არ იქნება მიზეზი იმისა, რომ ჩემი მოწინააღმდეგე დავაკნინო, „ფეიკები“ შევქმნა ან რაღაც მოვუწყო, - ამას არასდროს ვიკადრებ. აუცილებლად დავიცავ და გავითვალისწინებ ორივე მხარის პოზიციას. თუ მომცემენ ინტერვიუს და ჩათვლიან პასუხს საჭიროდ ჩემს მიერ მომზადებულ მასალებზე, არავის დავბლოკავ.

 

- პოლიტიკისა და ჟურნალისტური გამოძიების გარდა, კიდევ რა საინტერესო თემატიკას სთავაზობთ თქვენს მკითხველს?

 

- მინდა, ადამიანებს რწმენა დავუბრუნო. არსებობს ჟურნალისტური სტანდარტები, ეთიკა და სინდის-ნამუსი, რასაც არ უნდა გადააბიჯო. სიმართლე უნდა თქვა, მაგრამ ადამიანი არ უნდა მოკლა, არ უნდა გაანადგურო, - მე ასე მასწავლეს. მე არც ბოდიშის მოხდის მრცხვენია და როცა საჭირო ყოფილა, მომიხდია კიდევაც ბოდიში. ძალიან არ მიყვარს კოლეგებზე ლაპარაკი და მათ უარყოფით მხარეებზე მითითება, მაგრამ რაც ამირან გამყრელიძესთან ვახო სანაიას დაემართა, ეს იყო სირცხვილი და იქ დამთავრდა სანაია, როგორც ჟურნალისტი!

 

ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ყველა ის სტანდარტი, რაც საზოგადოებას მედიისადმი ნდობას დაუბრუნებს. მინდა, ჩემი გადაცემების, ჩემს მიერ მოპოვებული სკანდალური კადრების არქივი გავაკეთო „ობიექტივიდან“, სადაც რეჟიმთან მებრძოლი ძალიან ბევრი ადამიანი მყავდა ჩაწერილი და ეს მასალები გამოძიებასაც არაერთხელ გამოუყენებია; მინდა, გვქონდეს ინტერნეტ-ტელევიზია, ლაივები და ჩართვები, რადგან საიტი მაძლევს ამის საშუალებას; მინდა დავამატოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელს ექნება საშუალება, დასვას კითხვა და მიიღოს კომპენტენტური პასუხი...  ვნახოთ, მინდა, განსხვავებულები ვიყოთ!

 

არსებობს უამრავი სააგენტო, რომლის მფლობელიც, არ იციან, ვინ არის, რადგან თვითონ არ ამხელენ ამას. მე კი აქ ვარ, არ ვიმალები, თუ ვინმეს ჩემთან დაპირისპირება უნდა, ეცოდინებათ, რომ ამ სააგენტოს უკან, წინაც და გვერდითაც მე ვდგავარ. ჯერჯერობით არც არავინ მაფინანსებს. ვფიქრობ, რომ ნინო ჯღარკავა თავისი დადებითი თუ უარყოფითი პიარით ერთგვარი ბრენდია. თუ მაქებენ, ხომ ძალიან კარგი, და თუ მლანძღავენ, ე.ი. რაღაც გულზე ხვდებათ და ესეც ჩემი პიარია!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner