logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: კანონპროექტს, რომლის ამოქმედებაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, მხარი არ უნდა დავუჭიროთ
- +

13 მარტი. 2020. 13:48

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და გოგა თოლორდავას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც  შეფუთული თამბაქოს 15-გრამიანი შეფუთვით გამოშვებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე შეეწინააღმდეგა და თანაგუნდელებს მოუწოდა, საკანონდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ. 

 

როგორც გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის კანონი შეიმუშავა. მისივე თქმით, სპეციალურად შექმნილი ბარიერების შედეგად, რისი ინიციატორიც თავად იყო, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც, შემცირდა:

 

 

- ევროსტანდარტების მიხედვით, 30-გრამიან შეფუთვაზე ნაკლები თუთუნის წარმოება მიუღებელია, ჩვენ კი, მოგვეცა რეკომენდაცია 50 და 100-გრამიან შეფუთვაზე, რადგან საქართველოში მწეველთა რიცხვი მაღალია. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 35 პროცენტი მწეველია. ამიტომ, როცა შეფუთვა დიდია, გაძნელებულია ხელმისაწვდომობა დაბალხელფასიანი ადამიანებისა და არასრულწლოვანებისთვის. ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომ ადვილად ვერ შეიძინოს არასრულწლოვანმა თამბაქო და არ დაიწყოს მოწევა, ხოლო მწეველებმა შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ამ მავნე ჩვევისგან. როცა პატარა შეფუთვაა და ლარი ან ორი ლარი ღირს, მას ადვილად იყიდის არასრულწლოვანი, 7 და 8 ლარი კი მის შესაძენად, შესაძლოა, არ ჰქონდეს. გარდა ამისა, ჩვენ ვართ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერები და როცა საერთაშორისო კანონმდებლობას შეეწინააღმდეგები, რაღაც დროის შემდეგ, აუცილებლად მოგთხოვენ სტანდარტებში დაბრუნებას და ვალდებული იქნები, დახვიდე მისაღებ სტანდარტზე. ანუ, შეიძლება სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მივცეთ ვიღაცას მოგების საშუალება.

 

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ, ქალბატონო გუგული, ვინ მოიგებს თამბაქოს 15-გრამიანი შეფუთვის წარმოებით?

 

- მოიგებს მხოლოდ თამბაქოს მსხვილი მწარმოებელი და არა ადგილობრივი მეწარმე, ვისზეც, თითქოს, ეს კანონპროექტია გათვლილი. მე მესმის, როდესაც კანონპროექტი შემოაქვთ პარლამენტში, ის ძირითადად, კარგ რამეებზე და გარკვეული ჯგუფების ინტერესებზეა გათვალისწინებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე არ არის. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს არანაირი ანალიზი არ მოჰყვება. ჩვენი ანალიზით კი, ბაზრის დაახლოებით 19 პროცენტი უჭირავს შესახვევ თუთუნს, აქედან, დაახლოებით, 2 პროცენტს აწარმოებენ მცირე მეწარმეები. ანუ, ვინც აწარმოებს თუთუნს ლაგოდეხში, აჭარაში თუ რომელიმე სხვა რეგიონში,  როგორც წესი, ისინი აბარებენ მას მსხვილ მეწარმეებს, რომლებიც შემდეგ აფასოებენ ამ ყველაფერს და ბაზარზე გააქვთ. რადგან ასეთი კანონი ადგილობრივი მწარმოებლისთვის არაფერს ნიშნავს, ე.ი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი მწარმოებლის ინტერესებზე უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ, რომ უფრო მეტი გაეყიდება, უფრო იაფი დაუჯდება ეს 15-გრამიანი შეფუთვა და მეტ მოგებასაც ნახავს. მცირე მეწარმე კი, ვერაფერს იგებს აქედან, იმიტომ, რომ ის მაინც ვერ გაყიდის თუთუნს დაფასოების გარეშე.

 

- თუმცა მწეველთათვის 15-გრამიანი შეფუთვა უფრო ხელმისაწვდომი იქნება...

 

- აი, სწორედ ეგ არ გვინდა ჩვენ! რატომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი? მაშინ, ღერებად რომ ყიდდნენ სიგარეტს, რატომ აღარ ვყიდით? ჯარიმაა ამაზე იმიტომ, რომ ადვილად ყიდულობს ღერებით ადამიანი, ვისაც მოწევის დაწყება უნდა. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ აქცენტი გვაქვს არასრულწლოვანზე. თამბაქოს ინდუსტრიასაც არასრულწლოვანზე აქვს აქცენტი და იცით, რატომ? – 20 წლის ზემოთ, როგორც წესი, მწეველებს ახალი ჯგუფი არ ემატება. მოწევას თითქმის ყველა იწყებს უფრო ადრეულ ასაკში. ის 35 პროცენტი, ზრდასრული ადამიანებისა, ვინც ეწევა, - ეწევა, მაგრამ მწეველთა ჯგუფი როგორღაც ხომ უნდა შეავსონ, რომ რაც შეიძლება მეტი მწეველი ჰყავდეთ? ეს შედის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებში, რაც მეტია მწეველი, მეტი თამბაქო გასაღდება. ამიტომ, შეიძლება სიტყვით არ გითხრან, მაგრამ ათასნაირ ხერხს მიმართავენ არასრულწლოვნების ჩასათრევად.

 

იმ სპეციალურად შექმნილი ბარიერის შემდეგ, რაც დაწესებულებებში მოწევა ავკრძალეთ, ბევრმა ადამიანმა დაანება თავი, თუნდაც იმის გამო, რომ აღარ უღირს ყოველ წამს გარეთ გამოვიდეს მოსაწევად.

- თქვენ იცნობთ ასეთ ადამიანს, ვინც ამ რეგულაციის შემდეგ მოწევას თავი დაანება?

 

- კი, როგორ არა! ჩემთან, მაგალითად, მუშაობს ერთი ქალბატონი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მწეველია. მან თქვა, რომ თუ ადრე ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, ახლა ერთსაც ვეღარ ეწევა, იმიტომ, რომ ყოველ წუთს ადი-ჩადი, ზევით-ქვევით, აღარ უღირს. ზოგიერთმა ამ რეგულაციის შემდეგ, სულ დაანება თავი მოწევას. ამასწინათ უცნობმა ქალმა გამაჩერა ქუჩაში და მითხრა, დიდი მადლობა, ქალბატონო გუგული, ვერაფრით დავანებებინე ჩემს ქმარს თავი და ამ კანონის გამო იძულებული გახდა, დაენებებიაო, ყოველ წუთს მე-8 სართულიდან მოსაწევად რომ არ ჩამოსულიყო, თავის დანებება არჩიაო.

 

თავიდან, როცა იყო ლაპარაკი თამბაქოს კონტროლის კანონზე, ზოგი ამბობდა, რომ ამ რეგულაციით, ნაკლები ფული შევა ბიუჯეტში, მაგრამ ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამას ვაყენებთ წინ და არა იმას, ბიუჯეტში მეტი შევა თუ ნაკლები! ბიუჯეტში ჯანსაღი საქმიანობიდან რომ შევიდეს ფული, არ ჯობია? აი, ამიტომ, პარლამენტმა მსგავს კანონპროექტს ხმა არ უნდა მისცეს და მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. თანაც, როდესაც არსებულ კანონში ცვლილება შეგაქვს გაუარესებისკენ, ამას ძალიან სერიოზული დასაბუთება სჭირდება, რაც ამ კანონპროეტს არა აქვს. არც შესაბამისი კვლევები არსებობს, არც ექსპერტთა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა... ასე ჰაიჰარად არ შეიძლება არსებულ კანონში ცვლილების შეტანა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, რომ ისეთ კანონპროექტს, რომლის ამოქმედებაც ჩვენს რეპუტაციას ავნებს საერთაშორისო დონეზე, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და მხოლოდ ერთი-ორი ადამიანის გამდიდრებისკენ იქნება მიმართული, მხარი არ დაუჭირონ.

 

- და მაინც, ამ რეგულაციებით სრულიად მწეველი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიეთ და ხომ არ ნანობთ ამას? გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიგარეტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი 15 ლარამდე გაზრდაა დაანონსებული...

 

- არანაირი სინანულის გრძნობა არ გამჩენია. უამრავი ადამიანი ძალიან მადლიერია იმით, რომ ამოისუნთქა, რომ დაწესებულებები, სადაც შედიან, აღარ არის სიგარეტით კვამლით გაჟღენთილი, რომ უფრო ნაკლებს ეწევიან და რაც მთავარია, დაცულნი არიან მეორადი კვამლისგან ადამიანები, არამწეველთა ჯანმრთელობაც დაცულია.

 

რაც შეეხება აქციზს, ეს სხვა თემაა და არსებულ კანონთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუ გვინდა ევროპასთან ურთიერთობა და ევროპისკენ ვიხედებით, ის სტანდარტი, რომელიც არის ევროპაში, უნდა გავიზიაროთ.  იქ მავნე პროდუქტზე მაღალი აქციზია და უფრო და უფრო იზრდება, როგორც ალკოჰოლზე, ასევე სიგარეტზე. ეს არის კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ადამიანმა ამ ტიპის უარყოფითი ქმედება არ განახორციელოს და დაფიქრდეს, უღირს კი, ამდენი ფულის გადახდა? ამით, თითქოს, ანეიტრალებენ იმ ზიანს, რაც მოაქვს სიგარეტს და ალკოჰოლს. ამიტომ, მე ვთვლი, რომ პირიქით, ყველაზე უკეთესი კანონი არის ის, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლისკენაა მიმართული. ეს არის თამბაქოს კონტროლის კანონი.

 

მწეველს მოწევას არავინ უშლის, უბრალოდ, არ უნდა შეაწუხო შენი მოწევით სხვა ადამიანი, გარეთ, სივრცეში, ქუჩაში, ჰაერზე გამოდი და მოწიე, რამდენიც გინდა, მაგრამ ეს დამაბრკოლებელი ბარიერები არის იმისათვის, რომ დაფიქრდე, გიღირს თუ არა, რომ მაგალითად, თვეში 300 ლარი გადაყარო იმაში, რომ ფილტვები და სიცოცხლე გაინადგურო? როცა ფული ისეც ძნელი საშოვნია, არ გირჩევნია, ეს თანხა ოჯახს მოახმარო, ჯანსაღი პროდუქტის შესაძენად ან კეთილი საქმის საკეთებლად გამოიყენო?  

 

- აბსოლუტურად გეთანხმებით და ალბათ ბევრი ადამიანი დაგეთანხმებათ, მაგრამ არსებობს მწეველთა კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მათ ჯანმრთელობაზე არავინ ზრუნავს, მხოლოდ, უხეშად რომ ვთქვათ, „საკუთარ ჯიბეზე“ ფიქრობენ... 

 

- დიახ, ვზრუნავთ! ჩემი ჯიბე რა შუაშია, ამით მე მემატება რამე? რა მოგება მაქვს მე ამისგან? - თუმცა, მეც მაქვს მოგება, მყავს შვილიშვილები და არ მინდა, მათ მოწევა დაიწყონ, რადგან მტკივნეული იქნება ეს ჩემთვის. იგივე კორონავირუსი, ხომ ხედავთ, მამაკაცებს უფრო ემტერება, ვიდრე ქალებს, იმიტომ, რომ მეტი მწეველი მაინც მამაკაცია და დაზიანებული აქვთ ფილტვები მოწევისგან.

 

კორონავირუსი ხომ ფილტვებზე მოქმედებს, პირველ რიგში, სასუნთქი გზების დახშობას იწვევს და სასუნთქი გზები ვისაც ნაკლებად ჯანმრთელი აქვს, იმას ერჩის. როცა ჯანმრთელია ადამიანი და ფილტვებიც გაკრიალებული აქვს, ასეთ შემთხვევაში მას ვერ მოერევა.

თამბაქო რომ მავნებელია და სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ამაზე არც მწეველები დავობენ. ამიტომ ვამბობ, რომ თავიდანვე არასრულწლოვანს ძალიან დიდი კონტროლი უნდა, რომ არ გავუადვილოთ მისი შეძენა. ჩვენ გვაქვს სათანადო კონტროლი იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა თამბაქო ვერ შეიძინოს, მაგრამ თუ პატარა შეფუთვებით და ღერა-ღერა დავიწყებთ მის გაყიდვას, სადღაც ქუჩის კუთხეში, უკვე კონტროლიც შეუძლებელი გახდება.  

 

- ანუ თქვენი ეს მცდელობა პირდაპირ არასრულწლოვნებზეა გათვლილი?

 

- აბსოლუტურად! პირველ რიგში, ეს შეზღუდვები არის იმისათვის, რომ ახალი მწეველები არ დაემატონ. თუმცა, ამ მცდელობის შედეგად, მნიშვნელოვნად არა, მაგრამ თანდათან მაინც იკლო მწეველთა რიცხვმა, წელიწადში ერთი პროცენტით შემცირდა.  

 

- უკვე არსებობს ამის სტატისტიკა?

 

- ჩვენ გვყავს მონიტორინგის ჯგუფი და საშემოდგომო სესიაზე წარმოვადგენთ 2 წლის მასალებს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებებში, თამბაქოს წილი უკვე შედარებით ნაკლებია. ვიდრე ამ კანონს მივიღებდით, 4-5 წელი კვლევები მიდიოდა. გავიზიარეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და შევისწავლეთ ჩვენთან არსებული სიტუაცია. როგორც გაირკვა, მოწევა მაინც უფრო „მეორად მწეველს“ აზიანებს, რომელიც არამწეველია, მაგრამ იძულებულია, იყოს იმ სივრცეში, სადაც სხვა ეწევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner