ბერძნულ ტელეკომპანიაზე, Open TV-ზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არცერთი პაციენტი არ ჰყავს.
ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ჩართო ევგენია კოტანიდი, რომელიც საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარეა.
„ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ საქართველოში ვიმყოფებით და ძალიან სწორად თქვით, ამ დროისთვის გვყავს მხოლოდ 110 (დღეს ეს რაოდენობა 115-მდეა გაზრდილი – რედ.) ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი.
ეს დაუჯერებელია, მაგრამ ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში, რომელიც ევროპის კავშირშიც კი არ არის, საუკეთესო სპეციალისტებმა და ინფექციონისტებმა ძალიან სწრაფად დაამყარეს უშუალო კონტაქტი სახელმწიფოსთან და ახლა ეს შედეგები გვაქვს.
დღეიდან ამოქმედდა გადაადგილების აკრძალვა, მაგრამ სახელმწიფომ თებერვლიდანვე დაიწყო პატარა ნაბიჯების გადადგმა, რომ გვქონოდა ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ფიქსირდება.
ჩვენ შეზღუდულები ვართ გადაადგილებაში, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საერთოდ არ გვაქვს უფლება, რომ გადავაადგილდეთ. არც აფთიაქში, არც სუპერმარკეტში, არც არანაირი სხვა მიზეზით არ გავდივართ გარეთ.
და ეს კანონი მოქმედებს მთელ საქართველოში. დილის 06:00 საათის შემდეგ კი დასაშვებია მხოლოდ საყიდლებზე და აფთიაქში გასვლა“, – ამბობს კოტანიდი.
როგორც ბერძენი ჟურნალისტი ამბობს, ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს მიადევნებენ და თუ ეს ქვეყანა შეძლებს კორონავირუსის პანდემიის დაძლევას გარდაცვლილის გარეშე, ეს იქნება მსოფლიოს იშვიათი მაგალითი.