„თურმე ვანო მერაბიშვილს წამებულის მანტია უნდა მოვასხათ და თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვუშვათ ციხიდან", - ამის შესახებ „რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა შს ყოფილ მინისტრზე საუბრისას „TV პირველის" ეთერში განაცხადა.
მამაცაშვილი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ შს ყოფილი მინისტრი პოლიტიკური პატიმარია. მამაცაშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართა კითხვით, მიიჩნევს თუ არა ის მერაბიშვილს პოლიტპატიმრად.
„რომელ ვანო მერაბიშვილზე ვსაუბრობთ? ინგა, პირადად თქვენ გეკითხებით, ვანო მერაბიშვილი, თქვენ, როგორც მოქალაქეს, პოლიტპატიმრად მიგაჩნიათ?" - მიმართა გრიგოლიას მამაცაშვილმა. გადაცემის წამყვანმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა: „გავიარეთ კითხვა", - აღნიშნა გრიგოლიამ.