ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამორიცხავს, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლია.
„ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარი ჯერ გაციებული არ იყო, მაგრამ ვანო მერაბიშვილი დილის ექვს საათზე გამოხტა და გვითხრა - ეს უბედური შემთხვევა იყოო, აშკარად იმის მანიშნებელია, რომ ისინი გვატყუებდნენ! სააკაშვილის ხელისუფლება ზურას მკვლელობას ხელს აფარებდა! ვინც მკვლელობას ჩქმალავს, ბუნებრივია, მას არ სურს სიმართლის დადგენა... მკვლელობა უნდა გახსნას გამოძიებამ და მე ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, ჩემი განცდა და მოსაზრება ამ დანაშაულის შესახებ მაქვს", - აცხადებს ვასაძე.
ყოფილი პრემიერის საქმის გამოძიების დაუსრულებლობას ვასაძე საგამოძიებო უწყებასა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" კადრების ყოფნას უკავშირებს.
„რაღაც ცირკია... „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში რიგ-რიგობით გამოდიოდნენ პროკურორები და გვაიმედებდნენ - „ჟვანიას მკვლელობა მალე გაიხსნება, სულ მალე გაიხსნება!" ყველაფერი ჩაირეცხა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა აღარ იხსნება, რატომ? როგორც ჩანს, ის ძალები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გაყალბებასა და მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, რაღაც გავლენები აქვთ და ეს არის ყველაფრის თავი და თავი. სხვა რა მიზეზი უნდა იყოს ამ საქმის გაუხსნელობისა, არ ვიცი", - ამბობს ვასაძე.