თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ.
აქცია მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის მასშტაბით, გამგეობის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ნობათი 22 ხანდაზმულს გადასცეს. პროცესში ჩართული იყო თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.
საინიციატივო ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“ სოციალურ ქსელში შეიქმნა, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა საკვებით, მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით დახმარებაა. საინიციატივო ჯგუფმა საკუთარი სახსრებით შეიძინა 600-მდე ხანდაზმულისთვის საჭირო საკვები, მედიკამენტი, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა.