logo_geo
eng_logo
ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაშია, ერთი თანამშრომელი კი, COVID 19-ის მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი
- +

2 აპრილი. 2020. 16:53

 

 

ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაში აკვირდებიან. როგორც „ინტერპესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილმა განუცხადა, კლინიკის სამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. ორი მათგანი თვითიზოლაციაში, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ტესტის პასუხი დღეს საღამოს იქნება ცნობილი.

 

„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა ამბოლატორიულად, პირად ექიმთან ვიზიტზე, დაუდასტურდა COVID 19. შესაბამისად, პროტოკოლის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ყველა ის თანამშრომელი და ეს გახლავთ 3 თანამშრომელი - 2 ექიმი და 1 ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომელსაც შეხება და კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტთან, მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტის დროს უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა, მაინც გადაყვანილია თვითიზოლაციის რეჟიმში. 2 ექიმის მდგომარეობა არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ და განაგრძობენ თვითიზოლაციის რეჟიმს და თავს გრძნობენ კარგად, ხოლო ერთ-ერთ თანამშრომელი, რომელსაც აღენიშნა ტემპერატურის მომატება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაიმე სიმპტომი არ ყოფილა გამოვლენილი, გადაყვანილია COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაში და ჩაუტარდა ტესტი. ჩვენც ველოდებით ტესტის პასუხს,“- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

 

„ჩვენ არა მარტო ამ შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, არამედ მანამდეც ყოველდღიურად პროტოკოლის დაცვით, დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით მუდმივად ვახდენდით სადეზინფექციო დამუშავებას კლინიკის და ვაგრძელებთ მუშაობას სრული დატვირთვით“, - აცხადებს ნინო ქოჩორაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner