სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდივე მოქალაქის ანალიზის პასუხი უარყოფითია. ალექსანდრე მოწერელია აკონკრეტებს, რომ საუბარია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 2 მცირეწლოვან ბავშვსა და შუახნის მამაკაცზე, ასევე ფოთის საავადმყოფოში მყოფ 4 მოქალაქეზე, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში არის 178 პირი, იზოლაცია მოეხსნა 546 მოქალაქეს. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 75 ადამიანი. აქედან აფხაზეთიდან გადმოსულია 13 ჩვენი თანამოქალაქე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კი კორონავიროსზე მკურნალობას გადის 2 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ალექსანდრე მოწერელიამ, ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებულ მოქალაქეებზე, სულ რეგიონის მასშტაბით დაჯარიმებულიქნა 42 პირი. სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„დავასრულეთ ზედა ეწერში თერმოსკრინინგი, ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, სოფელში შემოწმებულია 1037 მოქალაქე, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. სკრინინგი მიმდინარეობს სხვა სოფელშიც, გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ სკრინინგი ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.