ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლების შელახვა დაადგინა.
ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეებმა საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები“ ერთხმად მიიღეს.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ამ საქმეზე ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.
„საქმე ეხებოდა მომჩივანის ნათესავების გარდაცვალებას პოლიციის ოპერაციის დროს, რომლის მიზანიც ციხეში არეულობისა და ბუნტის ჩახშობა იყო. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, დაადგინა მთავრობის არაერთი დარღვევა არეულობის ჩახშობის საქმის გარემოებების გამოძიებისას, რომელთაც პოლიციის მიერ არეულობის ჩახშობის დროს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, პირველადი საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა იმავე ინსტიტუციის, ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, რომელმაც არეულობას ჩახშობის ღონისძიებების ჩატარების განკარგულება გასცა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ლეტალური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ არეულობის დროს პატიმრები მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდნენ, თუმცა იმ ხარისხის ძალის გამოყენება, რასაც ადგილი ჰქონდა, არ წარმოადგენდა აბსოლუტურ აუცილებლობას. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს გამოჩნდა სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების არასათანადო დაგეგმვაში, ფაქტში, რომ ლეტალური ძალის გამოყენება იყო არაშერჩევითი და გადამეტებული და ასევე, იმიტომ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო მხარდაჭერის გაწევა პოლიციის ოპერაციის შემდეგ“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ 2006 წელს ციხეში მომხდარი არეულობის დროს გარდაცვლილ ზ.კ-ს ნათესავებს 40 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო მეორე გარდაცვლილი პატიმრის ნათესავებს 32 000 ევრო. ასევე, სასამართლომ დაავალდებულა სახელმწიფო, დაფაროს მომჩივნების სასამართლო ხარჯები, რაც ერთ შემთხვევაში 5 400 ევროს, ხოლო მეორე შემთხვევაში 3 400 ევროს შეადგენს.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეზე მომჩივნები იყვნენ სოფიო კუხალაშვილი, მარინა გორდაძე და რუსუდან ჩიტაშვილი.
„პირველი ორი არიან გარდაცვლილი ზ.კ.-ს და და დედა. ხოლო მესამე არის ა.ბ-ს დედა. ორივე მამაკაცი, 23 წლის ზ.კ. და 29 წლის ა.ბ., ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და 2006 წლის მარტში არეულობის ჩახშობის დროს გარდაიცვალა“, – ნათქვამია პრესრელიზში
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა ციხეში მომხდარი იმ არეულობისას, რომელიც საპატიმროს საავადმყოფოდან კრიმინალური სამყაროს ექვსი მეთაურისა და მათი მოკავშირეების გადაყვანას მოჰყვა.
„მთავრობის მიზანი იყო პენიტენციურ სისტემაში ამ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის შემცირება. თუმცა მათი გადაყვანას მოჰყვა არეულობა ორ საპატიმროში, სასჯელაღსრულების დაწესებულება ნომერ მეხუთესა და ნომერ პირველში. შედეგად, მთავრობამ გამოიყენა სპეცრაზმი, რათა ნომერ მეხუთე დაწესებულებაში არეულობა კონტროლს დაქვემდებარებოდა. ინციდენტის დროს შვიდი პატიმარი დაიღუპა და 22 დაშავდა. ასევე დაშავდა საპატიმროს ორი ოფიცერი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ „ამის შემდეგ მომჩივნებმა, მათი ნათესავების გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტები პროკურატურიდან გამოითხოვეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორივე პატიმარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. პროკურატურაში ორივე მომჩივანს განუმარტეს, რომ მათი ნათესავების წინააღმდეგ ლეტალური ძალა გამოიყენეს „განსაკუთრებული აუცილებლობის მომენტში“. პროკურატურამ უარი თქვა მომჩივნებისთვის მათი ნათესავების გარდაცვალების საქმეში სამოქალაქო სტატუსის მინიჭებაზე“.
სტრასბურგის სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიაწოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სხვა ყველაფერთან ერთად, ასახულია, რომ მთავრობამ არეულობისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების საკითხზე გამოძიება ჩაატარა.
„ექვს პატიმარს, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათ ახლო მოკავშირეებს ბრალი ბუნტის ორგანიზებაში წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებმა ციხის ოფიცრებს ესროლეს აგურებისა და რკინის ნატეხები და სპეცრაზმის წევრებმა უპასუხეს რეზინის ტყვიებით. შემდეგ პატიმრებმა ისროლეს მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან და გაზის იარაღიდან და ისინი აგრძელებდნენ წინააღმდეგობას ციხის ოფიცრებისა და სპეცრაზმის ჩარევამდე. პროკურატურამ ასევე ცალკე გამოიძია პოლიციის მხრიდან ძალის და პატიმრების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საქმე და შესაძლო მკვლელობის საქმე, რაც დაკავშირებულია ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს სიკვდილთან. რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა პირველ საქმეზე, თუმცა უცნობია იყო თუ არა ეს დაკავშირებული ზ.კ-სათან და ა.ბ-სთან“ – ნათქვამია პრესრელიზში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათი ნათესავების სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ეფექტური გამოძიების ჩატარება. სტრასბურგის სასამართლოს მომჩივნებმა 2007 წლის 26 იანვარს და 14 აგვისტოს მიმართეს.