logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე „ნაციონალური მოძრაობა“!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

29 თებერვალი. 2016. 17:32


ნაციონალური მოძრაობის" ღაღადი დემოკრატიაზე, მართლმსაჯულებაზე ან საქმეების გამოძიება - არგამოძიებაზე, ამორალურია", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილირეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ სიას, სადაც ჩამოთვლილია 2012 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარი გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეებია.


„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, წინა ხელისუფლებას დავემსგავსოთ, ან შევედაროთ. ის საქმეები, რომლებიც გამოძიების პროცესშია და არ დასრულებულა, ყველას გვაწუხებს და გვსურს, პასუხი მივიღოთ. საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტურად წარიმართოს. არის საქმეები, რომლებიც მოხდა წინა ხელისუფლების პერიოდში, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეები ყველაზე სწრაფად იხსნება, თუკი დროულად მოხდება შესაბამისი მტკიცებულებების მოძიება და ა.შ. მაგალითად, რაფალიანცის საქმე -ჩემთვის ძალიან მძიმეა. თავის დროზე მისი გამოძიება პროფესიონალურად რომ დაეწყოთ, შეიძლება ამ დრომდე არ მოსულიყო.

 

მე საგამოძიებო პროცესში ჩართვის უფლება არ მაქვს, თუმცა, თავისთავად ცხადია, მტკიცებულებების ნაკლებობა, რა თქმა უნდა, გამოძიებას აფერხებს. ოპერატიული ჩარევა თუ არ მოხდა, ზოგიერთი მტკიცებულება ქრება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ასეთი საქმეები გამოიძიოს, პრობლემაა, რომ ბევრი მტკიცებულება აღარ არსებობს. მაგალითად, ლაფანყურის ოპერაცია, რომელიც ტრაგედიით დასრულდა და ადამიანები დაიღუპნენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ტერორისტული ჯგუფი ალყაშემორტყმული იყო, ამ ადამიანებმა არათუ თავი დააღწიეს, არამედ აბსოლუტურად ყველამ საზღვარი გადაკვეთა. აბა, მითხარით, ვინ დავკითხოთ?

 

მათგან ზოგიერთი ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და ზოგიც დაიღუპა, ზოგიერთის კვალი კი მთლიანად გამქრალია. იმ მომენტში, როდესაც ალყა ჰქონდათ შემორტყმული და შეიძლებოდა ყველა დაეკავებინათ, არათუ დააკავეს, არამედ როგორც ჩანს, საზღვარი გადააკვეთინეს, სხვანაირად შეუძლებელია. საზოგადოება ლაფანყურის საქმის გამოძიებას ითხოვს, რაც ძალიან რთულია - ან დაღუპულები არიან, ან გაქცეულები, მათი კვალი არავინ იცის. ასე რომ, რიგ შემთხვევებში, ობიექტური მიზეზები არსებობს, რატომაც ხდება საქმის გაჭიანურება. არ არსებობს საქმე, რომ ყველა 100%-ით იყოს გამოძიებული, ბოლოს და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი კენედი მოკლეს და დღემდე არ არის პასუხი, - ვინ მოკლა კენედი?" - განაცხადა სესიაშვილმა.


სესიაშვილის თქმითვე, დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ გააჩნია, გამოუძიებული დარჩეს მიმდინარე საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს.


„ხაზს ვუსვამ, მე არ მინდა შევედარო იმ მმართველობას, რომლისთვისაც გამოძიება პოლიტიკური იარაღი იყო. ყველაფერს თავი დავანებოთ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმე დახურული არ არის. ისე დაასრულა წინა ხელისუფლებამ მმართველობა, რომ არ არსებობს დასკვნა და საქმე არ დახურულა.  მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე „ნაციონალური მოძრაობა" და მათი მმართველობა.  იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალაუფლებას ვერასდროს იხილავენ. ახლა პასუხისმგებლობა ჩვენზეა და უნდა გამოვიძიოთ კიდეც. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს დღევანდელ ხელისფლებას, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები და არამარტო იმდროინდელი, არ გამოიძიოს? მაგალითად, ვაზაგაშვილის საქმე, ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე იყო და ნახეთ, რომ პროკურატურამ ძალიან კარგად იმუშავა, დროულად და ეფექტურად შეძლო საქმის გახსნა. ხარძიანის მკვლელობაზე კი გამოძიება გრძელდება, რიგ შემთხვევებში პროკურატურა ითვალისწინებს ოჯახის წევრების დამოკიდებულებას და მაქსიმალურად ცდილობს, მეტი მტკიცებულება მოიპოვოს, რათა საქმის ობიექტურობა დადგინდეს.

 

ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, ყველა საქმე დროულად და ეფექტურად გამოიძიოს. არ არსებობს არანაირი პოლიტიკური მოტივი, რომ არ გამოვიძიოთ.  ყველაფრის გამოძიება ბუნებაში არ ხდება, ყოველთვის რჩება გამოუძიებელი საქმეებიც. ვისაც შეეძლო და არ გამოიძია, იმას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, შეეძლო და გამოიძია, მადლობა უნდა გადავუხადოთ", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner